ახალი ამბები

საქართველო სკეპტიკურადაა განწყობილი “მისტრალის“ გარიგების მიმართ

 

ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდი "მისტრალი", რომელსაც შეუძლია ვერტმფრენების, ჯარის, ჯავშანტექნიკისა და ტანკების გადაზიდვა. ფოტო: საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო


საქართველოს პოზიცია საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის "მისტრალის“ მიყიდვის თაობაზე „უცვლელია“, რადგან თბილისს მიაჩნია, რომ ეს გარიგება რეგიონისთვის საფრთხის შემცველია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნინო კალანდაძემ 24 იანვარს.

საფრანგეთი და რუსეთი ”მისტრალის” თაობაზე კონტრაქტს 25 იანვარს მოაწერენ ხელს.

კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველომ და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა უკვე რამდენჯერმე გამოხატეს პოზიცია "იმ საფრთხეების მიმართ, რომელთაც შეიძლება მოიცავდეს ეს გარიგება“.

მისი თქმით, თბილისი იმედოვნებს, რომ საფრანგეთიც და რუსეთიც ითვალისწინებენ ამ საფრთხეებს და რომ ეს საფრთხეები რეალობად არ იქცევა.

"როდესაც შემსყიდველ მხარეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, ჩვენ, ბუნებრივია, სკეპტიკურად ვართ განწყობილი, იმდენად, რამდენადაც საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელმაც უკან არ დაიხია და უკანონო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ,“ – განაცხადა კალანდაძემ.

როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს 24 იანვარს გამართულ პრეს–კონფერენციაზე რუსეთსა და საფრანგეთს შორის გარიგებაზე კითხეს, მან უპასუხა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას წარმოადგენს.

"ჩვენთვის თავისთავად იგულისხმება, რომ ეს სავაჭრო შეთანხმება ყველა საერთაშორისო ნორმის და რეგულაციის შესაბამისად განხორციელდება. ასევე თავისთავად იგულისხმება, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს ამ სამხედრო აღჭურვილობას ნატოს რომელიმე მოკავშირის, ან რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ,“ – განაცხადა რასმუსენმა.

WikiLeaks-ის მიერ გავრცელებულ აშშ-ის კონფიდენციალურ დიპლომატიურ მიმოწერებს შორის მოიპოვება ერთი გზავნილი, რომელშიც აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი იმ ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებს, რის გამოც თბილისი შეშფოთებულია რუსეთსა და საფრანგეთს შორის ”მისტრალზე” გარიგებით.

2009 წლის ნოემბრით დათარიღებულ ტელეგრამაში ჯონ ბასი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ გამოთქმულ მიზეზებს შორის პირველი უკავშირდება თავად იმ ფაქტს, რომ გარიგების მონაწილე არის სახელმწიფო – საფრანგეთი – რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლობა იკისრა და რომლის მეშვეობითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. ეს გარემოება, ქართული მხარის თქმით, ”მისტრალზე” გარიგებას ”განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას” ძენს.

ტელეგრამის თანახმად, საქართველო შეშფოთებულია, რომ საფრანგეთის თანხმობა მიყიდოს სამხედრო ხომალდი რუსეთს, იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ შუამავალი კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეასრულა რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მაშინ, როდესაც სინამდვილეში ეს ვალდებულებები ბოლომდე შესრულებული არ არის. ამის გარდა, თბილისი შიშობს, რომ შესაძლოა საფრანგეთის ეს ნაბიჯი იმის მანიშნებელი იყოს, რომ შუამავალი აღარ განიხილავს დარჩენილ ვალდებულებებს, როგორც შესასრულებლად სავალდებულოს.

ამავე ტელეგრამის თანახმად, ვაშაძის მიერ დასახელებული მეორე მიზეზი ის არის, რომ „მისტრალი“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ შავი ზღვის რეგიონს.

„მესამე [მიზეზი]: [მისტრალის] გაყიდვა [საქართველოს მიერ] განიხილება იმ კონტექტსში, რასაც ვაშაძემ საქართველოს წინააღმდეგ [იარაღის შეძენაზე] არსებული ’ჩუმი ემბარგო’ უწოდა და რაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოს ძალისხმევას იფიქროს საკუთარ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე,"– ნათქვამია ტელეგრამაში.

"და ბოლოს, ვაშაძემ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები – კერძოდ კი ესპანეთი და ნიდერლანდები – სწორედ ნატოს მთავარი მოკავშირის [საფრანგეთის] მიერ [რუსეთისთვის შეიარაღების] ამგვარ მიყიდვას ელოდებიან, რათა შემდეგ თვითონაც დაიწყონ იარაღის მიყიდვა რუსეთისთვის. ამიტომ ”მისტრალის” მიყიდვა რუსეთისთვის ხსნის [შეიარაღების] შეძენის ნაკადს; [შეიარაღების] ამგვარმა შესყიდვამ შესაძლოა მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს შავი ზღვის რეგიონში,“ – ნათქვამია ტელეგრამაში.

იმავე დოკუმენტის თანახმად აშშ–ის ელჩი აცხადებს, რომ საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვა "თითქმის შეუძლებელს გახდის ისედაც რთული ამოცანის შესრულებას, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს“.

„მიუხედავად რუსეთის მიერ [საქართველოს] ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ზრდისა, საქართველო აქამდე თავს იკავებდა აქტიური გადაიარაღებისგან; მაგრამ რუსეთის მიერ ამ ტიპის გემის შეძენამ შესაძლოა გააძლიეროს საზოგადოების შიშები და ფაქტიურად, აიძულოს საქართველო საპასუხო ქმედებებისთვის გზები მოიძიოს,“ – წერს აშშ–ის ელჩი და ურჩევს ვაშინგტონს გადადგას ნაბიჯები, რათა არ მოხდეს ”მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვა, ან „უკიდურეს შემთხვევაში  დაწესდეს პირობები – როგორიცაა გემების შავ ზღვაზე არ განთავსდება“.

პარიზში აშშ–ის საელჩოს მიერ2010 წლის თებერვალში ვაშინგტონში გაგზავნილ ტელეგრამაში აღწერილია აშშ–ის თავდაცვის მდივანის რობერტ გეითსის და საფრანგეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრის ჰერვ მორინის მოლაპარაკებები. ამ დიპლომატიური გზავნილის თანახმად, აშშ–ის თავდაცვის მდივანმა შეშფოთება გამოხატა საფრანგეთის მიერ "მისტრალის“ რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვის გამო.

"მან [გეითსმა] უთხრა მორინს, რომ საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში სარკოზის შუამავლობის გამო, რომელსაც რუსეთი სრულად არ ასრულებს, მიყიდვა მცდარი გზავნილი იქნება რუსეთისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან,“ – ნათქვამია გზავნილში.

როგორც ამ შეტყობინებიდან ჩანს, მორინი შეეცადა ამ საკითხისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა და გეითს განუცხადა, რომ ამ ხომალდის მიყიდვა არაფერს შეცვლიდა, რადგან რუსეთის სამხედრო–საზღვაო წარმოება ისედაც სუსტია. ამაზე გეითსს უპასუხია, რომ აშშ–ის შეშფოთების საგანს წარმოადგენს არა ის, თუ რამდენად შეიძლება შეცვალოს ამ ხომალდის მიყიდვამ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, "არამედ თავად ის გზავნილი“, რომელსაც ასეთი ნაბიჯი შეიძლება შეიცავდეს.

2010 წლის ივნისში ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გააჩნია იმის საჭიროება, რომ "მისტრალი“ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს.

"თანამედროვე თავდასხმითი შეიარაღებები შესაძლებელს ხდის ნემისმიერი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას საქართველოს მთელი ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის ტერიტორიიდან და ამისათვის "მისტრალი" საჭირო არ არის,” – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button