ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მეორე თვეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა 7.5%–ზე.
22 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად, 15%–მდე გაზრდის შესახებ. დასაწყისისთვის, მომავალი წლის 20 იანვრიდან აღნიშნული სარეზერვო ნორმა 10%–მდე გაიზრდება. „სარეზერვო მოთხოვნების ზრდა არ შეეხება კაპიტალსა და მასთან გათანაბრებულ გრძელვადიან რესურსს,“ – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.
ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.5% შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სურსათის გაძვირების წვლილი ამ მაჩვენებელში, დაახლოებით, 9.1 პროცენტულ პუნქტს აღწევს, ხოლო მომსახურებაზე ფასების წლიური ზრდა 0.6%–ს შეადგენს, რაც, ეროვნული ბანკის განცხადებით, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის სიმცირეზე მიუთითებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)