skip to content
ახალი ამბები

ბარამიძე: თბილისს მეტი სამხედრო თანამშრომლობა სურს აშშ–თან

საქართველოს ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ თბილისს ახლო სამხედრო თანამშრომლობა აქვს აშშ–თან, თუმცა „უფრო მეტი ურთიერთობა“ სურს ამ მიმართულებით.

ბარამიძეს, რომელმაც 15 დეკემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ მისცა ინტერვიუ ცოტა ხნის წინ აშშ–ში ვიზიტის შესახებ, ასევე დაუსვეს შეკითხვა სამხედრო თანამშრომლობაზე აშშ-თან, რომელმაც „შეუწყვიტა საქართველოს იარაღის მიწოდება მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ემბარგო ამაზე არ დაუწესებია“.

"ჩვენ დეტალებში ვერ შევალთ და ალბათ ხვდებით რატომაც… მაგრამ ასე არ არის, რომ ყველაფერია გაჩერებული. ჩვენ გვინდა უფრო მეტი ურთიერთობა [აშშ–თან] თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სფეროში. აქ დავასრულებ თქვენთან ამ თემაზე საუბარს, ამაზე მეტს ნამდვილად ვერ ვიტყვით საჯაროდ იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დელიკატური თემა, რომელიც ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენმა მტრებმა იცოდნენ,“ – განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ ეს საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია და ამიტომ დეტალებზე საუბრისგან იგი თავს შეიკავებს.

მან ასევე განაცხადა, რომ  ეს საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, ვაშინგტონში აშშ–ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრებზე განიხილა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button