
ბრიტანეთის პრემიერი: ”დროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან”
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ უმაღლეს დონეზე გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრისას ლისაბონში, მანაც და აშშ–ის პრეზიდენტმა ობამამაც საქართველოს საკითხი დააყენეს.
ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე გამოსვლისას, რომლის დროსაც ის დეპუტატებს ლისაბონის სამიტის შესახებ ანგარიშს აბარებდა, საქართველო მაშინ ახსენა, როდესაც ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობაზე საუბრობდა.
”რუსეთთან მუშაობისას გამოწვევები დარჩება,” – განაცხადა მან, ”პრეზიდენტმა ობამამ და მეც წამოვწიეთ საქართველოს საკითხი. კონფლიქტიდან ორი წლის თავზე, დროა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.”
თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამ და სხვა დაბრკოლებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს რუსეთთან თანამშრომლობას იმ საკითხებზე, სადაც საერთო ინტერესები იკვეთება.
თემთა პალატაში გამართული იმავე მოსმენების დროს, ოპოზიციაში მყოფი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ედ მილიბენდი ამ საკითხში დაეთანხმა კამერონს და განაცხადა: ”პრემიერ-მინისტრი აშკარად მართალია იმაში, რომ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ, ამავე დროს, გავაგრძელოთ იმ საკითხების წამოწევა, რომელიც შეშფოთებას იწვევს და რომლებიც მან [კამერონმა] ახსენა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)