
რასმუსენი: რუსეთ-ნატოს თანამშრომლობა საქართველოსაც წაადგება
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც 20 ნოემბერს რუსეთთან ”ძირეულად ახალი ურთიერთოებების” დაწყების შესახებ გამოაცხადა, თქვა, რომ ალიანსსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავება რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს.
ლისაბონში ნატოს ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რასმუსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი და მოსკოვი ”წერილობით შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული საერთო გამოწვევების ფონზე, ჩვენ ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ.”
”ეს ხდება პირველად, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთის დასაცავად ითანამშრომლებს,” – განაცხადა რასმუსენმა.
შეკითხვაზე რა გავლენას იქონიებს ნატო-რუსეთის ”ძირეულად ახალი ურთიერთობები” საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რასმუსენმა უპასუხა: ”იმედი მაქვს ვიხილავ ამ კონფლიქტის მოგვარებას და მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იმ მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ რუსეთთან კონსულტაციებისთვის შევქმენით, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს საკითხის განხილვას.”
”ნატოს პოზიცია უცვლელია. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ჩვენ გავაგრძელებთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკას,” – განაცხადა რასმუსენმა.
”მე მჯერა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობები ასევე შეიტანს ღირებულ წვლილს, რათა მოიძიებნოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზები," – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)