
ცვლილებები მთავრობაში, უშიშროების საბჭოში
უშიშროების საბჭოს მდივნად და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში გიგა ბოკერია დაინიშნა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 20 ნოემბერს.
ბოკერიამ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ახალ თანამდებობაზე ეკა ტყეშელაშვილი შეცვალა, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა და მასვე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობის შესრულებაც.
თემურ იაკობაშვილი, რომელსაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი 2008 წლის იანვრიდან ეკავა, აშშ–ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი და ამ თანამდებობაზე შეცვლის ბათუ ქუთელიას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.
საკადრო ცვლილებები მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში, რომელზეც პრესა წინასწარ წერდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლისაბონში ვიზიტის დროს განახორციელა, სადაც მას ასევე ახლდა თან გიგა ბოკერია და თემურ იაკობაშვილი.
გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2008 წლის აპრილიდან მუშაობდა. ამ რანგში ის ხელმძღვანელობდა ასევე ქართულ დელეგაციას ჟენევის დისკუსიებზე. როგორც Civil.ge-სთვის გახდა ცნობილი, დიდი ალბათობით ამ დელეგაციის ხელმძღვანელობას სხვა გადაიბარებს. ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 16 დეკემბერს არის დანიშნული.
ახალ თანამდებობაზე, 33 წლის ეკა ტყეშელაშვილი პასუხისმგებელი იქნება სეპარატისტული რეგიონების მიმართ თბილისის პოლიტიკაზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. ეს დოკუმენტები იაკობაშვილის მმართველობის დროს შეიქმნა.
ტყეშელაშვილს, რომელიც 2008 წელს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა, მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა 2004 წლიდან, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი.