skip to content
ახალი ამბები

ობამა სააკაშვილს შეხვდა

პრეზიდენტი ობამა 19 ნოემბერს, ლისაბონში, სადაც ნატოს ორდღიანი სამიტი იმართება, თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ”ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება” განიხილა, განაცხადა თეთრმა სახლმა.

”პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც მამაცმა ქართველმა სამხედროებმა გაიღეს, მადლიერება გამოხატა,” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ორმა პრეზიდენტმა განიხილა ”საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა განახორციელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები, ასევე [განიხილეს] საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობისა და წარმატების უზრუნველყოფის ჩვენი საერთო ინტერესი.”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ოფიციალური განცხადება ძირითადში თეთრი სახლის განცხადების მსგავსია.

თბილისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობამამ და სააკაშვილმა განიხილეს ”რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით, დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.”

”პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს გზას ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებისკენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის, რაც ”ჩვენს ქვეყანას ორი წლის განმავლობაში დიდად წაადგა” და "ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში".

”მან [პრეზიდენტმა ობამამ] ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა კვლავაც განაგრძოს მათი განხორციელების პროცესი,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button