
საქართველო იმედოვნებს, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას გაიმეორებს
თბილისი იმედოვნებს, რომ 19–10 ნოემბერს ნატო ლისაბონის სამიტზე გაიმეორებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღესაც აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა 16 ნოემბერს.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლისაბონის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებების ერთგულებას და იმას, რომ საქართველო ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე წარმატებით მიიწევს წინ,“– განაცხადა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე.
ბუქარესტის სამიტზე ნატომ უარი უთხრა საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე; თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ოდესმე მომავალში აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში.
მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას მოუწია ამ გადაწყვეტილებას მისალმებოდა. თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას "სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.
1 ოქტომბერს თბილისში ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა იმედი გამოთქვა, ლისაბონში ნატო კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ოდესმე აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
მანანა მანჯგალაძემ 16 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გაემგზავრება ლისაბონში, სადაც ნატოსა და ავღანეთის ოპერაციაში მისი მოკავშირეების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრთან, ჩეხეთის, თურქეთის პრეზიდენტებთან და ავსტრალიის პრემიერ–მინისტრთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)