skip to content
ახალი ამბები

პატრიარქი: ”უნდა ვერიდოთ ახალგაზრდების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნას”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ 3 ოქტომბერს მოუწოდა მრევლს არ გაუშვან შვილები უცხოეთში სასწავლებლად, რადგან ეს, მისი თქმით, ”ხშირ შემთხვევაში ბავშვს მოუტანს ზიანს.”

მან ეს განცხადება სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა, რომლის დროსაც იგი საქართველოდან ემიგრაციის პრობლემაზე საუბრობდა.
 
"თითქმის ნახევარი ჩვენი მოსახლეობისა გასულია უცხოეთში და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველანი დაბრუნდებიან," – განაცხადა მან, ”ლუკმა-პურისთვის არ უნდა დატოვოს ადამიანმა საქართველო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს… მადლს, წინაპრების მფარველობას და ლოცვას კარგავს… ვისაც შრომა უყვარს ის აქაც იშოვის პურსა, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, ის არასოდეს დატოვებს სამშობლოს".

”განსაკუთრებით მე მინდა შევეხო ერთ საკითხს, როცა ქართველები აგზავნიან თავის შვილებს, მცირეწლოვან შვილებს უცხოეთში სასწავლებლად – ჯერ არ არის გამტკიცებული ადამიანი სულიერებაში, კულტურაში და ის მიდის სულ უცხო ქვეყანაში,” – განაცხადა პატრიარქმა.

”კანადაში ვიყავით ჩვენ და იქ მიამბობდნენ, რომ დედამ ან მამამ თუ რაღაც წამოჰკრა პატარა ხელი, შვილი ურეკავს პოლიციას და მოჰყავს პოლიცია თავისი დედ-მამის საწინააღმდეგოდ – ესე იგი გამცემელია, მოღალატეა თავისი მშობლების. აი ამიტომ ძალიან უნდა ვერიდოთ რომ ახალგაზრდა, მითუმეტეს, ბავშვი გავაგზავნოთ უცხოეთში. ეს ხშირ შემთხვევაში ბავშვს მოუტანს ზიანს".

მან ასევე თქვა, რომ საქართველო უნდა იცნობდეს მთელ მსოფლიოს და ”მივიღოთ ის, რაც სასარგებლოა ჩვენთვის და სამშობლოსათვის.”

იმავე ქადაგებაში მან დაგმო ”ნაციზმი და უხეში ნაციონალიზმი”, რომელიც, მისი თქმით ”ზიანს მოუტანს ადამიანს და ერს”, ისევე როგორც თუ ადამიანი თავის ნაჭუჭში ჩაიკეტება და თუ ადამიანი ”თავის იქით ვერაფერს ხედავს.”

”არის კიდევ ერთი ტერმინი კოსმოპოლიტი… კოსმოპოლიტისთვის სულ ერთია ეს საქართველოა, რუსეთი თუ ამერიკა თუ ევრობა – სადაც ცხოვრობს ის არის მისი სამშობლო. ერთი ადამიანი ამბობდა: სადაც ფულია ის არის ჩემი სამშობლოო… ჩვენ არ გვჭირდება ასეთი აზროვნება. ჩვენ ფულიც გვჭირდება, შრომაც გვჭირდება, პურიც გვჭირდება, სანახაობაც გვჭირდება, მაგრამ სამშობლო არ უნდა გავცვალოთ ამაში. აი ამიტომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ შეგაგონოთ, რომ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა,” – განაცხადა პატრიარქმა.

This post is also available in: English Русский

Back to top button