სააკაშვილი: საქართველოსთვის ნატო არაა აკვიატებული მიზანი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ ისწრაფვის ნატოსკენ, თუმცა ეს "აკვიატებულ მიზანს“ არ წარმოადგენს.
როდესაც მას ჰკითხეს Al Jazeera–ს ინგლისურენოვან არხთან ინტერვიუში, ფიქრობს თუ არა რომ საქართველო 2013 წლისთვის გახდება ნატოს წევრი, სააკაშვილმა უპასუხა: "ჩვენ არასდროს დაგვიწესებია ვადები“.
2008 წლის აპრილში, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სააკაშვილმა განაცხადა: "ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები, დარწმუნებული ვარ, ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ბევრად უფრო მალე.”
Al Jazeera–სთან ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მართალია ნატოში გაწევრიანება საქართველოს მისწრაფებად კვლავ რჩება, მაგრამ რეგიონის რთული გეოპოლიტიკური პირობებიც უნდა იქნას გათვალისწინებული.
”უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც ძალიან რთული გეოპოლიტიკური რეგიონის შუაგულში მდებარეობს,“ – განაცხადა მან, "ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ… უამრავი პოლიტიკური ფაქტორია ჩართული“.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიცვლია გადაწყვეტილება [ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით], მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი რეგიონის ყველა სხვა ქვეყანასთან ვავითარებთ ურთიერთობებს. ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს ქვეყნებთან სამხრეთით, სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან – ქვეყნებთან როგორიცაა უკრაინა; ცენტრალური აზიის, კასპიის [რეგიონის ქვეყნები]; თურქეთი და ევროკავშირი; ჩვენ ევროკავშირთან დავიწყეთ მოლაპარაკებები ასოცირებულ შეთანხმებაზე… აშშ–სთან სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი“.
"ამრიგად, მხოლოდ ერთ მიზანი არ გვაქვს აკვიატებული, კიდევ სხვა ბევრი რამ არსებობს,“ – დასძინა სააკაშვილმა, "რა თქმა უნდა, არასდროს გვითქვამს უარი ჩვენ მისწრაფებებზე – გვინდა, რომ სერიოზული კლუბის წევრები გავხდეთ, გვინდა, რომ ჩვენი მომავალი უსაფრთხო იყოს“.
ინტერვიუს დროს სააკაშვილს ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერ–მინისტრის რანგში. პასუხად სააკაშვილმა იგივე ფორმულირება გამოიყენა, რასაც ის ამ ბოლო დროს ჩვეულებრივ ამბობს ხოლმე ამ საკითხზე საუბრისას. მისი თქმით, არ არის "იმაზე კონცენტრირებული, თუ რა მოხდება 2013 წლის შემდეგ,“ არამედ მისი ყურადღება იქითკენ არის მიმართული, რომ 2013 წლამდე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები შეუქცევადი გახადოს. სააკაშვილმა იქვე დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში კვლავ დარჩეს მისი რეფორმატორთა გუნდი და "რეფორმების იდეოლოგია“.
"თუ როგორ დავეხმარები ამის შენარჩუნებას – ამას მაშინ გადავწყვეტ, როცა დრო მოვა,“ – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)