სააკაშვილი: „მტერმა ვერ მოახერხა თავისი მიზნების მიღწევა“
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგო, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს ორი წლის წინ საქართველოსთან ომის გაჩაღების შედეგად.
ქართველმა ჯარისკაცებმა „თავი გასწირეს იმისათვის, რომ საქართველოს მომდგარი ბარბაროსები მაქსიმალურად შეეჩერებინათ,“ – განაცხადა მან სასაფლაოზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები.
„მტერმა ვერ მოახერხა თავისი მთავარი გამოცხადებული მიზნის მიღწევა, მტერმა ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დამხობა… მას ხელისუფლების დამხობა სურს იმისათვის, რომ შეცვალოს საქართველოს პოლიტიკური კურსი… მაგრამ ეს კურსი, როგორც არასდროს, განმტკიცდა და ეს კურსი, როგორც არადროს, შეუქც ევადია,“ – განაცხადა მან.
„მტერმა ვერ მოახერხა მეორე მთავარი მიზნის მიღწევა, რომ საქართველოს განადგურებით და დაშინებით დაეშინებინა ყველა ერი პოსტ–საბჭოთა სივრცეში… და აღედგინა საბჭოთა გავლენის სფერო. როგორც არასდროს, მას აქვს პრობლემები იმპერიული გავლენის სფეროს აღდგენასთან; როგორც არასდროს, შემცირებულია ყოველგვარი შიში და რიდი მისი მუქარის და მისი შანტაჟის მიმართ“.
„უფრო მეტიც, მტერმა არა მხოლოდ ვერ მოახერხა საქართველოს დამორჩილება… არამედ, საქართველო, როგორც დაუმორჩილებელი ერი, გახდა ასევე წარმატების სიმბოლო ყველა პოსტ–საბჭოთა ქვეყნისთვის და ეს არის ზუსტად საწინააღმდეგო იმისა, რაც ქონდა მტერს დაგეგმილი… ეს არის ისტორიული პროცესი, რომელსაც მოყვება შეუქცევადი დაშლა ძველი იმპერიის და ძველი იმპერიული გავლენის სფეროსი,“ – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენი ცხოვრება არის დიდი ბრძოლა საქართველოს საბოლოო განთავისუფლებისთვის, საბოლოოდ ფეხზე დაყენებისთვის“.
მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც 2008 წლის მაისში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციები გააძლიერა, თბილისი ერაყიდან 2000 სამხედროს გამოწვევის საკითხს განიხილავდა. „დიდი ფიქრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გამოგვეხმო იმიტომ, რომ ესეც აღქმული იქნებოდა პროვოკაციად,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)