
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობა “ანომალიაა“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან და ასევე აღადგინოს "ხელოვნურად შეწყვეტილი" ურთიერთობები ეკონომიკის სხვა სექტორებში, თუ ამაში ქართული მხარე დაინტერესდება.
"ასე რომ, ბურთი თბილისის მხარესაა,“ – განაცხადა მან რუსულენოვან ტელეკომპანია "მირ“–თან ინტერვიუში 7 ივლისს.
წელს ზაფხულში რუსეთმა "ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული რეისების განხორციელებაზე თანხმობა განუცხადა; თუმცა თბილისიც და მოსკოვიც აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებებმა მოლაპარაკებები უნდა გამართონ რეგულარული ფრენების განახლების თაობაზე. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა მარტში, რომ თბილისი უნდა გამოსულიყო მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ სწორედ რუსეთმა შეწყვიტა რეგულარული პირდაპირი ფრენები და თბილისი მზად არის განიხილოს ინიციატივა ფრენების განახლების თაობაზე, თუ ამგვარი შემოთავაზებით პირველი რუსეთი გამოვა.
იმავე ინტერვიუში კითხვაზე, თუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი არ იყო პირველი, ვინც შეწყვიტა ეს ურთიერთობები აგვისტოს ომის შემდეგ.
"ჩვენ არ ვაპირებდით დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას, რადგანაც მშვენივრად გვესმოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა ქართველ ხალხს, არამედ იყო ანომალია, რომელიც არა საქართველოს საზოგადოებიდან წარმოიშვა, არამედ გარედან იქნა შემოტანილი,“ – განაცხადა ლავროვმა.
"ნაცვლად იმისა, რომ თავისი შიკრიკები აგზავნოს მთელ მსოფლიოში, ცილი სწამოს რუსეთს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს "დეოკუპაციის“ საკითხი დააყენოს, უმჯობესია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნოს: ოსებთან, აფხაზებთან, და ასევე იმ ეთნიკურ უმცირესობებთან, რომლებიც თავად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ – ესენი არიან სომხები, და აზერბაიჯანელები, და სხვა უმცირესობები,“ – განაცხადა ლავროვმა.
This post is also available in: English Русский