skip to content
ახალი ამბები

ბოკერია პუტინის “ცინიკურ“ განცხადებაზე საუბრობს

რუსეთის პრემიერ–მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "ოკუპირებულია“ და ვისთვის "გათავისუფლებული“, არის "ცინიკური,“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 6 ივლისს.

პუტინმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტზე საქართველოში, რომელმაც რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "განგრძობითი ოკუპაციის“ წინააღმდეგ ისაუბრა.

"ეს არის ჩვეული ცინიზმი ჩვენი დიდი მეზობლის პოლიტიკური ისტებლიშმენტის თითქმის ყველა წარმომადგენლის და ამ შემთხვევაში პრემიერ–მინისტრის პუტინის მიერ,“ – განაცხადა ბოკერიამ.

პუტინმა ასევე განაცხადა 5 ივლისს, რომ საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს ურთიერთობები სოხუმსა და ცხინვალთან, ნაცვლად იმისა, რომ "მესამე მხარეებთან ეძებოს მოგვარება“.

"ყველა ამ ტიპის ცინიკური განცხადება, რომ რუსეთი აქ არაფერ შუაშია და რომ სხვა მოთამაშეებმა უნდა გაარკვიონ საკითხი, არის უბრალოდ ძალიან იაფფასიანი მცდელობა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების,“ – განაცხადა ბოკერიამ.

"საქართველოს ხელისუფლებას, ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სურს თანამშრომლობა რუსეთთან და მზად არის ამისთვის. უბრალოდ, თანამშრომლობა გულისხმობს ორმხრივ პატიცვისცემას. როგორც კი მოსკოვში შეეგუებიან ამ არჩევანს და იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და თვითონ ირჩევს თავის ბედს, ამ მომენტიდან იქნება ძალიან ადვილი ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან,"– განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გამოვლინდა აშშ–ის გრძელვადიანი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს მოიტანს მყისიერ შედეგებს; ჩვენ არ გვაქვს ჯერ–ჯერობით საფუძველი, რომ ვიხილოთ რაიმე ფუნდამენტური ცვლა რუსეთის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ, საკუთარი მეზობლების მიმართ, ევროპული უსაფრთხოების მიმართ. მაგრამ იმ პროცესში, რამაც უნდა მიგვიყვანოს ნაბიჯ–ნაბიჯ ამ შედეგამდე, შეერთებული შტატების ჩართვა არის უმნიშვნელოვანესი,“ – განაცხადა ბოკერიამ.   

This post is also available in: English Русский

Back to top button