ბურჯანაძე უკმაყოფილოა კლინტონის მხოლოდ “ე.წ. ოპოზიციასთან“ შეხვედრის გამო
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ცალკე შეხვედრა გამართა მხოლოდ ორ ოპოზიციურ ლიდერთან და სხვები არ მიიწვია. მან ასევე გააკრიტიკა იგი იმის გამო, რომ სახელმწიფო მდივანმა "თავი აარიდა“ საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბარს.
პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, რომელიც 5 ივლისს ექვსსაათიანი ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს, ორი ოპოზიციური პარტიის – ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს შეხვდა.
5 ივლისს საღამოს ტელეკომპანია "მაესტროს" თოქ–შოუში "პირდაპირი საუბარი“ სტუმრობისას ბურჯანაძემ ალასანია და თარგამაძე "ე.წ. ოპოზიციად“ მოიხსენია, ხოლო შეხვედრის ფორმატს "უცნაური“ უწოდა.
"რეალურად შეირჩა კომფორტული ოპოზიცია – ის ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას პრობლემებს არ უქმნის,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
"ეს ე.წ. ოპოზიცია დღეს საუბრობდა ქართველი ხალხის და ოპოზიციის სახელით,“ – განაგრძო მან, "ნაწილი ოპოზიციის, რომელიც თავის თავს ოპოზიციას ეძახის, ლაპარაკობს იმაზე, რომ თურმე ჩვენ 2012 წლამდე [საპარლამენტო არჩევნებამდე] არაფერი არ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დანაშაულებრივი ხელისუფლება წავიდეს, რომ თურმე ეხლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აშშ გამოგვიგზავნის დახმარებას, რომელიც დაიხარჯება საარჩევნო სიების შემოწმებაზე; აქ ჩნდება ერთი მარტივი კითხვა, ან ეს ოპოზიცია მართლა გარიგებულია ხელისუფლებასთან, ან უბრალოდ ელემენტარული გამოცდილება არ აქვთ“.
"ე.წ. ოპოზიციის“ ან "მმართველი პარტიის სატელიტის“ სახელით, ოპონენტები ძირითადად, ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას მოიხსენიებენ. თუმცა, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა იგივე ბრალდებები 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ალასანიასაც წაუყენა.
ბურჯანაძე, რომლის პარტიამაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და რომელიც ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მოუწოდებს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ქალ ლიდერებთან შეხვედრაზე მიიწვიეს. შეხვედრას ასზე მეტი ქალბატონი დაესწრო, მათ შორის უფლებადამცველი და მედიის ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, დეპუტატები და მთავრობის რამოდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელიც.
თავად ბურჯანაძემ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და შეხვედრას მის მაგივრად მისი პარტიის წარმომადგენელი დაესწრო. ბურჯანაძემ განაცხადა: "ამ ტიპის შეხვედრებზე, ბუნებრივია, სერიოზული პოლიტიკური დისკუსიები არ იმართება“.
"მე ვშიშობ, რომ განსაკუთრებულად არაფერი არ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში ქვეყნის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ იმის გამო, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა, კლინტონი ისე წავიდა საქართველოდან, რომ "მან ვერ მოისმინა ინფორმაცია, თუ როგორია რეალური ვითარება დემოკრატისთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში“.
"ადამიანების ის ნაწილი, მით უფრო რეალურად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ელოდნენ, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი უფრო მეტ აქცენტს გააკეთებდა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ თავის არიდება ამ თემებზე საუბრისაგან ბუნებრივია გამოიწვევს გარკვეულ სკეპტიციზმს ამერიკის მხარდაჭერისა დამოკრატიის პროცესებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)