”ალიანსი” ვაკეში ხელახალ მაჟორიტარულ არჩევნებს ითხოვს
ალიანსი საქართველოსთვის კანდიდატი ახალი მემარჯვენეებიდან, დავით საგანელიძე აცხადებს, რომ მან ვაკის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მოიგო, თუმცა შედეგები მმართველი პარტიის კანდიდატის ვახტანგ ნაცვლიშვილის სასარგებლოდ იქნა ”ფალსიფიცირებული”.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგანელიძემ მისი ოლქის ზოგიერთი უბნის შედეგების გაბათილება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ასევე საუბნო და საოლქო კომისიის ცალკეული წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.
ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, დავით საგანელიძეს (8921 ხმა) მმართველი პარტიის კანდიდატმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა 764 ხმით მოუგო. თუმცა ამავე მონაცემებით, 1261 ხმა აქვთ აღებული კონსერვატორ კახა კუკავას და გიორგი გურგულიას დემოკრატიული პარტიიდან, რომელთაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნეს კანდიდატურები.
საარჩევნო კოდექსი ამბობს: ”საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების გასწვრივ დაისმება შტამპი ”არჩევნებიდან მოხსნილია“.
თუმცა საგანელიძის თქმით, ბიულეტენებში კანდიდატების გვარების გასწვრის შესაბამისი შტამპი არ დასმულა და ”საბოლოო შედეგებზე გავლენა ცესკო-ს არასწორმა ქმედებამ იქონია”.
თუმცა ცესკოს განმარტებით, გადაწყვეტილება საგანელიძის სასარგებლოდ კანდიდატურების მოხსნის შესახებ 26 მაისს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კანდიდატურების მოხსნის ვადა 20 მაისს ამოიწურა.
საგანელიძის მტკიცებით, გარდა ამისა, წყნეთსა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ”ფალსიფიცირებული” იქნა არჩევნები, რის შედეგადაც ნაცვლიშვილს უბნების უმეტესობაში ”წაგებული ხმები გადააფარინეს და გამარჯვებულად გამოაცხადეს”.
”მაგალითად, წყნეთის 66-ე უბანზე, ოქმის მიხედვით, მიღებული ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს 1050-ს, ხოლო გამოყენებული და გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა 1350-ს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 300 ბიულეტენი დამატებით იქნა ჩაყრილი ამ უბანზე. ანალოგიური დარღვევებია სხვა უბნებზეც,”- განაცხადა საგანელიძემ.
მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ უბნებზე ფიქსირდება დანარჩენი უბნებისგან რადიკალურად განსხვავებული ამომრჩეველთა – 75-80%-იანი აქტივობა და გაფუჭებული და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ”რეკორდული” რაოდენობა (859 – გაფუჭებული და 2421 – ბათილი), რომელთა უმეტესობაშიც საგნელიძის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანია.
საგანელიძის მტკიცებით, ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებშიც მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასევე შემცირებულია.
”არ ვაპირებთ, ამ აშკარა ფალსიფიკაციის რეაგირების გარეშე დატოვებას,”- განაცხადა საგანელიძემ, რომელიც ალიანსი საქართველოსთვის პარტიული სიით თბილისის საკრებულოს წევრი ისედაც გახდა.
წინასწარი მონაცემებით, თბილისის 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს არჩევნები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)