ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნა

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში 4325-მა სამხედრო მოსამსახურემ; 117 ერთეულმა სახმელეთო და 18 საჰაერო საშუალებამ მიიღო მონაწილეობა. დღევანდელ აღლუმს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა” უწოდა.

ქვეითების შემდეგ რუსთაველის გამზირზე კოლონებად ჩაიარა სამხედრო ტექნიკამ: თურქულმა Ejder -ის  ჯავშანტრანსპორტიორებმა, რომლებიც საქართველომ გასულ წელს შეიძინა; ასევე  მსუბუქმა ჯავშანტექნიკამ ამერიკულმა Humvee და თურქულმა Cobra-მ; რუსულმა BTR-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებმა; საარტილერიო სისტემებმა (Msta-B, Geocint, RM-70, GRADLAR, DANA).  ავიაციის საჩვენებელი ფრენაში მონაწილეობდნენ შვეულმფრენები ( UH1-1H, MI-8), მოიერიშე შვეულმფრენები ( MI-24) და მოიერიშე თვითმფრინავები (SU-25).

”კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებთ დღეს აქ ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და რომელთაც, სამწუხაროდ, შარშან ხელი შეუშალეს აღლუმის ჩატარებას რუსთაველზე, აცხადებენ, რომ ის რაც დღეს ამ გამზირზე ხდება, არის ჩვენ მიერ იარაღის ჟღარუნი და უბრალოდ ახირება,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც პარლამენტის წინ აღლუმის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა. 

”ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და სამხედრო ტექნიკის ხმას. ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ჩემო მეგობრებო, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა. რასაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულისფეთქვა შეაჩეროს, ამას ის ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს,” – განაცხადა მან.

დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნის ტრადიცია 2004 წელს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. მას შემდეგ სამხედრო აღლუმები ყოველ წელს იმართება. მხოლოდ შარშანდელი 26 მაისი იყო გამონაკლისი.

შარშან ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო გადაიფიქრა. მეორე მხრივ, აღლუმზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა არმიაში არსებული სიტუაციაც ყოფილიყო. როდესაც მუხროვანის ჯანშან-სატანკო ბატალიონის მეთაურმა 2009 წლის 5 მაისს დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, მან ამის მოტივად აღლუმის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დაასახელა. მისი თქმით, ამგვარი ღონისძიება სრულიად შეუსაბამო იყო აგვისტოს ომის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button