skip to content
ახალი ამბები

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი 22 მაისს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

ვიზიტამდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს განიხილავდა. მისი თქმით, სიტუაცია სეპარატისტულ რეგიონებში ასევე იქნებოდა წამოწეული, თუმცა არა როგორც დისკუსიების მთავარი თემა.

თავის შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ განხილულ იქნა ”ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობებში მიაღწია ჩვენი მეგობრების და პირველ რიგში, შვედეთის დახმარებით”. მან ასევე განაცხადა, რომ განხილულ იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. 

ვიზიტის დროს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს და დაზვერვის სამსახურის უფროსს გელა ბეჟუაშვილს.

2010 წლის იანვარში შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გააძლიეროს თავისი დიპლომატიური ყოფნა რამოდენიმე რეგიონში, მათ შორის ბალკანეთის და კავკასიის ქვეყნებში და იქ არსებული სექციები საელჩოების რანგში აიყვანოს. ეს გადაწყვეტილება საქართველოსაც ეხება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button