ახალი ამბები

მაკკეინი ობამას საქართველოს გამო აკრიტიკებს

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ, როგორც მან თქვა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ნაკლებად ჩანს თავისუფლებისადმი და ადამიანის უფლებებისადმი მხარდაჭერა და მაგალითად, სხვა რამოდენიმე ქვეყანასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველო მოიყვანა.

”რუსეთი არა მარტო განაგრძობს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ ის იქ სამხედრო ყოფნას აძლიერებს. მაგრამ გასულ კვირას, პრეზიდენტმა [ობამამ] ხელახლა წარუდგინა კონგრესს რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულება დასამტკიცებლად და განაცხადა – მე მომყავს ციტატა – ’საქართველოში არსებული სიტუაცია დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს’… ზოგიერთს კი კვლავ უკვირს რატომ მიიჩნევს საქართველო, რომ ვაშინგტონი ყიდის მას რუსეთზე ჩვენი ’გადატვირთვის ღილაკის’ სანაცვლოდ,” – განაცხადა სენატორმა მაკკეინმა 18 მაისს ნიქსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ბუშის ადმინისტრაციამ შეაჩერა კონგრესში რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია და ამის მიზეზად რუსეთის ქმედებები მოიყვანა, ”რომელიც არ შეესაბამება სუვერენულ და დემოკრატიულ მეზობელთან, საქართველოსთან, მშვიდობიანი ურთიერთობების” პრინციპს.

10 მაისს კონგრესისადმი გაგზავნილ განცხადებაში, სადაც ის საკანონმდებლო ორგანოს ამ ხელშეკრულების დამტკიცებას სთხოვს, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მან გადახედა სიტუაციას და დაადგინა: ”საქართველოში არსებული სიტუაცია აღარ უნდა იქნეს მიჩნეული დაბრკოლებად, რათა შემოთავაზებული ხელშეკრულების” დამტკიცება გაგრძელდეს.

”სამწუხარო ის არის, რომ ასე მარტო ქართველები არ ფიქრობენ. შეეკითხეთ პოლონელებს ან ჩეხებს, ან სხვებს ცენტრალური ევროპიდან და თქვენ მოისმენთ ერთი და იგივე წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკამ მიატოვა ისინი,” – განაცხადა მაკკეინმა.

ვაშინგტონის სირიასთან და ლიბანთან ურთიერთობის კონტექსტში კი მან განაცხადა: ”ჩართულობის პოლიტიკაში ცუდი არაფერია. მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკაა და არა მთლიანად საგარეო პოლიტიკა და ჩვენ არასოდეს უნდა დავტოვოთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩართულობის პოლიტიკა ჩვენს მტრებთან, ჩვენი მეგობრების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე ხდება.”

15 მაისს გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის სტატია სათაურით ”აშშ რუსეთის მეზობლებზე უარს ამბობს.”

”როგორც ჩანს [ობამას] ადმინისტრაცია გადავიდა მიდგომაზე – ”მხოლოდ რუსეთი”, რაც უგულებელყოფს და, უფრო მეტიც, მარტო ტოვებს რეგიონის სხვა ქვეყნებს,” – წერს კრამერი და მიიჩნევს, რომ ამ მიდგომის ”ყველაზე თვალნათელი მაგალითი” იყო პრეზიდენტ ობამას მიერ კონგრესში გაგზავნილი განცხადება.

”სხვა საქმე იქნებოდა [პრეზიდენტ ობამას] ეს ხელშეკრულება რომ წარედგინა [კონგრესში] განცხადებით, რომ აშშ-ის კვლავ სერიოზული უთანხმოება აქვს რუსეთთან საქართველოს გამო. მაგრამ ამის მაგივრად იმის ასე მკაფიოდ თქმა, რომ საქართველო დაბრკოლება აღარ არის, ადმინისტრაციამ პრინციპში საქართველო მიატოვა და რუსეთს მწვანე შუქი აუნთო, რომ მან პროვოკაციული ქმედებები განაგრძოს საზღვრისპირა რაიონებში,” – წერს კრამერი.

ამავე თემაზე სტატია დაიბეჭდა 18 მაისს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალი ამბებისა და ბლოგინგის ვებ-გვერდზე, Huffington Post-ში. სტატიის ავტორი, მოსკოვში ჟურნალ Time-ის კორესპონდენტი საიმონ შუსტერი წერს საკუთარ მოსაზრებაზე, თუ რატომ ”უღალატა ობამამ საქართველოს” და ამ საკითხს უფრო საქართველოს შიდა ვითარების კონტექსტში განიხილავს და აქცენტს პრეზიდენტ სააკაშვილის პიროვნებაზე და ”იმედის” ე.წ. იმიტირებულ რეპორტაჟში მის შესაძლო როლზე აკეთებს. ავტორი მიიჩნევს, რომ ”სააკაშვილმა აჩვენა, რომ ის შეერთებული შტატების იმპულსური, ექსცენტრული და სახიფათო პარტნიორია.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button