ახალი ამბები

ცესკომ დაუგეგმავი საბიუჯეტო ხარჯების წინააღმდეგ გააფრთხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო პერიოდში იმ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის წინააღმდეგ გააფრთხილა, რომლებიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბიუჯეტებში არ იყო ასახული.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მოიმატა საბიუჯეტო შემოსავლებმა და ადგილობრივ ბიუჯეტში გაჩნდა დამატებითი თანხების განკარგვის შესაძლებლობა. თუმცა, აქვე, შესაბამის უწყებებს მან შეახსენა, რომ ამ თანხების ხარჯვა და ასევე ახალი პროექტების წამოწყება იქნება საარჩევნო კოდექსის დარღვევა.

კოდექსის თანახმად, საარჩევნო პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ ხარჯების გაწევა, რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე იყო დაგეგმილი.

დღევანდელ ბრიფინგზე ხარატიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ცესკოში რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა საჩივარი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე, რაზეც რეაგირებას მისი ადმინისტრაცია საჩივრების შესწავლის შემდეგ მოახდენს.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესებთან დაკავშირებით ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებულ მემორანდუმს 7 მაისს თოთხმეტი პოლიტიკური პარტიაც შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button