
ვარშალომიძე: ცენტრალურ მთავრობასთან ყველა საკითხი მოგვარდა
პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურის გაკრიტიკებიდან ორი დღის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, 14 აპრილს განაცხადა, რომ ცენტრალურ მთავრობასთან არსებული პრობლემები მოგვარებულია.
”მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ მართლაც ვბრუნდები ბათუმში ყველა გადაწყვეტილებით, იმით, რომ აჭარის მოსახლეობას უფრო გაუმარტივდება და უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობა მათთან ერთად,”- განაცხადა ვარშალომიძემ და დასძინა, რომ ”აჭარის მოსახლეს, მეწარმეს ფოთში და თბილისში აღარ მოუწევს ჩამოსვლა გარკვეული სერტიფიცირებისთვის, გარკვეული დოკუმენტებისათვის”.
ეს განცხადება ვარშალომიძემ თბილისში, მთავრობის კანცელარიაში ფინანსთა, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა. ამ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არ დასწრებია.
ვარშალომიძემ ცენტრალური მთავრობა, კერძოდ კი პრემიერ მინისტრი გილაური 12 აპრილს გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ავტონომიის მთავრობის თხოვნას ”დამატებითი ადმინისტრაციული უფლებამოსილებების” დელეგირების შესახებ თბილისში უყურადღებოდ ტოვებდნენ.
”ალბათ იმიტომ, იყო პრობლემა წარმოქმნილი, რომ სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა უნდა ყოფილიყო და სწორედ ამ შეკრებამ ეს პრობლემები მოხსნა,”- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English Русский