skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრეზიდენტი სააკაშვილი აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბურთვული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 23 მარტს.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს, რომელიც ვაშინგტონში 12-13 აპრილს გაიმართება, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა უმასპინძლებს.

”გამორიცხული არ არის სააკაშვილსა და ობამას შორის არაოფიციალური შეხვედრა ადგილზე მართლაც მოხდეს და ეს საკითხი, სწორედ სამიტის მსვლელობის დროს გაირკვეს,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

იმავდროულად, 25 მარტს დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობა ევროპის სახალხო პარტიის სამიტში ბრიუსელში, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

ბრიუსელში ვიზიტის დროს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს, რომელთანაც განიხილავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ”უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button