რურუა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე კომენტარს არ აკეთებს
კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა ”იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მისი და პრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე.
”ბოდიში, მაგრამ ეფესბე-ს [რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის] ფაბრიკაციებზე და მაგგვარ სისულეებზე კომენტარს არ გავაკეთებ,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც 16 მარტს გავრცელდა, მამაკაცი, რომლის ხმაც ნიკა რურუას ხმას ჰგავს და რომელიც პარიზიდან საუბრობს, ეუბნება თანამოსაუბრეს ”დაწყნარდა თუ არა” პანიკა, რომელიც ”იმედის” რეპორტაჟმა გამოიწვია.
ხმა, რომელიც სააკაშვილის ხმას ჰგავს, პასუხობს: ”არა 5-წუთიანი პანიკა იყო რა. უნდა გაეფრთხილებინა ”იმედს”, ქვემოთ წარწერა უნდა გაეკეთებინა, რომ იმიტაციაა, მაგრამ არ გააფრთხილეს ამ ს…მა. მაგრამ, მეორეს მხრივ, სცენარი დახატეს რაც ზუსტი იყო აბსოლუტურად. ეს მართლა ეგრეა, მართლა რუსული სცენარი ეგ არის”.
”ხო, მაგრამ მასეთი პანიკის გამოწვევა მაინც არ ღირს,” – პასუხობს სავარაუდოდ ნიკა რურუას ხმა.
”არ უნდა გამოეწვია და ამიტომ უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ეს არის იმიტაცია და უნდა დაეწერათ, რომ. მე ახლა დავურეკე არველაძეს და ვუთხარი. ხო ნუ, მაგრამ რაც არის ეგ არის, რა მნიშვნელობა აქვს,”- ამბობს, სავარაუდოდ, სააკაშვილის ხმა.
ეს აუდიო ჩანაწერი ანონიმურმა მომხმარებელმა იმ რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც 15 მარტს, ამავე თემაზე ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელს გიორგი არველაძეს და მის მოადგილეს შორის სატელეფონო ჩანაწერი დაიდო.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ამ ჩანაწერების ირგვლივ გამოძიებისკენ და საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებისკენ მოუწოდა. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ, ვინაიდან მათთვის ცხადია, რომ ჩანაწერების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)