ახალი ამბები

ეუთოს წარმომადგენელი ”იმედის” დადგმულ საინფორმაციო გამოშვებას გმობს

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა დაგმო ”იმედის” დადგმული საინფორმაციო გამოშვება, როგორც ”ჟურნალისტური უპასუხისმგებლობა.”

”ჩემი, როგორც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მანდატი, არ მაძლევს საშუალებას მედიის მიერ გავრცელებული ამბების შინაარსთან ვიქონიო საქმე. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა შინაარსის საკითხს სცილდება; საქმე ეხება უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკას და იმ ზემოქმედებას, რომელიც მან შეიძლება იქონიოს მედიის თავისუფლებაზე,” – განაცხადა მიატოვიჩმა.

მისი თქმით, ტელეკომპანიამ დაარღვია საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რადგან მხოლოდ მოკლე გაფრთხილებით შემოიფარგლა გადაცემის დაწყების წინ რომ სიუჟეტები ”მოდელირებულია.”

”მაუწყებლები და სხვა მედია საშუალებები პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდნენ და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეყავდეთ,” – განაცხადა მიატოვიჩმა.

”ეს ინციდენტი ცხადყოფს, რომ საჭიროა თვითრეგულირების პრინციპების და მექანიზმების – რომელიც სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია – სწრაფი გაძლიერება. ჩემი ოფისი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში,” – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button