skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე მოსკოვში ლავროვს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 4 მარტს მასკოვში ვიზიტად მყოფ ნინო ბურჯანაძეს, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ”ცნობილ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწესთან” საუბარი შეეხო რუსულ-ქართული ”რთული” ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებს.

”ამასთან აღინიშნა, რომ მიუხედავად განგრძობადი კრიზისისა და რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობისა, ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს,”- ნათქვამია საინფორმაციო შეტყობინებაში.

”ნორმალური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის აუცილებელია ამიერკავკასიაში ახალ პირობებში მშვიდობიანი განვითარებისთვის,” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს იმ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც რეალისტურად უყურებენ რეგიონში ამჟამინდელ სიტუაციას”.

ბურჯანაძემ მოსკოვში შეხვედრები 4 მარტს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან აუდიენციით დაიწყო.

ის მეორე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, ვინც პუტინს შეხვდა; და ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის, ირაკლი ალასანიას შემდეგ, რომელმაც ლავროვთან გამართა მოლაპარაკებები. ალასანია ლავროვს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button