
სააკაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს ”კოლაბორაციონიზმზე” ისაუბრა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო ”არასოდეს დაიჩოქებს” მისი მტრის წინაშე და ის რაც 89 წლის წინ მოხდა – ბოლშევიკების წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია – არასოდეს განმეორდება.
25 თებერვალს ხელისუფლებამ ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციებით აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე, როდესაც წითელი არმიის შემოსვლამ 1921 წელს საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა დაასრულა.
კოჯორში იუნკრების მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე გვიან საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა ”კოლაბორაციონისტებზე”, რომლებიც მტერს უჩოქებენ.
”მეცოდება ის ხალხი, ვინც ლაპარაკობდა, ამ მთავრობამ ღირსება წაგვართვაო. იმაზე დიდი უღირსობა რა არის, როდესაც საკუთარი ქვეყნის მტერს მუხლებში უვარდები და ფეხებს უკოცნი. რა არის კიდევ უფრო დიდი უღირსობა?”- განაცხადა მან.
სააკაშვილს კონკრეტულად არავინ დაუსახელებია, თუმცა ბოლო დროს მას არა ერთი მსგავსი გამოსვლა ქონია სადაც ის სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერზე ზურაბ ნოღაიდელზე საუბრობდა.
”აფხაზეთი ოკუპირებულია, 500 000 ადამიანი გამოყრილია. ოკუპანტთან თანამშრომლობა სირცხვილად ითვლებოდა საფრანგეთშიც და საერთოდ ევროპაში… ის, ვინც ოკუპანტს ეთანამშრომლება, ღირსება არ შეიძლება გააჩნდეს,”- განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, საქართველო თავისუფალია და თავისუფლების მტრები წარსულში მის დაბრუნებას ვერ შეძლებენ. ”კოლაბორაციონისტები თავისუფალ საქართველოს ჩრდილს ვერ მიაყენებენ,”- განაცხადა მან.
”ბევრი გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ. საქართველომ გაძლო უფრო დიდხანს, ვიდრე იმ დამპყრობლების უმეტესობამ, ვინც ჩვენს ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში იპყრობდნენ ხოლმე,”- აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ საქართველომ ”შაჰ აბასს გაუძლო და პუტინსაც გაუძლებს.”
This post is also available in: English