skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელმა რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ”ისტორიული” უწოდა

ზურაბ ნოღაიდელმა, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ შეთანხმებას ”ისტორიული” უწოდა.

9 თებერვალს, მოსკოვში ნოღაიდელმა მისი პარტიის, ხოლო რუსეთის სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა ”ედინაია როსიას” სახელით ხელი მოაწერეს პარტიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

”ჩვენ ვაანალიზებთ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები დღეს ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომ ჩვენს პარტიებს შორის დღეს გაფორმებული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დოკუმენტია, რომელიც ქმნის ხვალინდელი დღის ფუნდამენტს, როცა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნელ-ნელა გაუმჯობესება დაიწყება, როცა დაპირისპირება შეიცვლება მეგობრობით და პარტნიორული ურთიერთობებით. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,”- განაცხადა ნოღაიდელმა, ”ედინაია როსიას” ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად.

გრიზლოვის განცხადებით, ახალი შეთანხმებით იწყება პარტიებს შორის თანამშრომლობა, რომელიც ”ითვალისწინებს ერთობლივ კონსულტაციებს, ინფორმაციების გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას პარტიული მშენებლობის თვალსაზრისით”.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ამ ”ჩარჩო” შეთანხმებას ბევრი კონკრეტული ქმედება მოჰყვება, მათ შორის გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლასა და რუსეთში ქართულ ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხნაზე მსჯელობა.

ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ მის ”კვალს” ბევრი ქართველი პოლიტიკოსი გაჰყვა და ბევრი ლიდერი მზადაა რუსეთთან დიალოგის დასაწყებად.

”ყველა მათგანი აუცილებლად იქნება აქ მიღებული და როგორც მინიმუმ, მოსმენილი. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული,”- განუცხადა ნოღაიდელმა მოსკოვში ქართულ ტელეკომპანიებს.

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ნოღაიდელის რუსეთთან მიმართებაში გააქტიურება, რაც ასევე მოსკოვში მის გახშირებულ ვიზიტებსა და პრემიერ-მინისტრ პუტინთან შეხვედრაში გამოიხატა,  შეაფასეს, როგორც ”ღალატი”.

”მომავალში რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ის ითანამშრომლებს ბატონ პუტინთან საქართველოს საწინააღმდეგოდ – ასეთ ქმედებას ყოველთვის არქმევდა ქართველი ხალხი თავის სახელს. ისტორიამ ყველა ასეთი ქმედება შეაფასა, როგორც სამშობლოს ღალატი,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან 9 თებერვალს.

”აღმოჩნდა, რომ არიან ქართველები, რომელთაც არ ეთაკილებათ რომ ირბინონ პუტინთან, თავი ჩაქინდრონ ხოლმე და მადლობა მოუხადონ ადამიანს, რომელმაც შარშანწინ დაგვიხოცა 500-მდე მოქალაქე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი”- განაცხადა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა მმართველი პარტიიდან, ”ბუნებრივია, პუტინსა და ნოღაიდელს არაფერი გამოუვათ, რადგან ქართული საზოგადოება სხვა აზრზე არის”.

ანალოგიური პოზიცია გამოხატეს დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდანაც. გამოკვეთილად კრიტიკული იყო ნოღაიდელის მიმართ ეროვნული-დემოკრატიული პარტია, რომელმაც 8 თებერვალს თბილისის ქუჩებში გაავრცელა პროკლამაციები, სადაც ყოფილი პრემიერი სამშობლოს მოღალატეების სიაში სერგო ორჯონიკიძესთან, ფილიპე მახარაძესთან და იგორ გიორგაძესთან ერთად ეწერა.

ალიანსმა საქართველოსთვის ასევე გააკრიტიკა ნოღაიდელი პუტინთან შეხვედრის გამო.

თავის ბოლოდროინდელ გამოსვლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ზურაბ ნოღაიდელზე, რომლის აქტივობებს ნაციონალური ტელევიზიები ინტენსიურად აშუქებენ, ასევე ხშირად საუბრობს კრიტიკული კუთხით. ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტებიდან სარგებელს იღებს, რადგანაც ადგილობრივი არჩევნების წინ მთავარი თემიდან ყურადღების გადატანა ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button