თავდაცვის სამინისტრო ”ემიჯნება” ფილმს, სადაც ჰიტლერის ციტატაა გამოყენებული
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყოფს რაიმე კავშირს იმ დოკუმენტურ ფილმთან, რომელიც ჰიტლერს ციტირებს და რომელიც ტელეკომპანია ”საქართველომ” 18 თვის წინ გაუშვა ეთერში.
თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებულმა ტელეკომპანიამ ”საქართველო” 2008 წლის ივლისში გაუშვა ფილმი, რომელიც სარეზერვო სამსახურის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია როგორ მიდიან ახალგაზრდები რეზერვში, რის შემდეგაც ჩნდება შემდეგი ციტატა: ”’ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ, ვერც ფორმალურად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით’. ადოლფ ჰიტლერი, 1932.”
ტელეკომპანიის მიერ გაშვებული ფილმი, რომლის აუდიტორიაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ძირითადი ნაციონალური ტელევიზიებისა, მეტწილად შეუმჩნეველი დარჩა და საქართველოს შიგნით რაიმე მნიშვნელოვანი რეაქცია არ გამოუწვევია. თუმცა, ამ საკითხის გარჩევა ბოლო დროს გააქტიურდა, ძირითადად ინტერნეტ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში, რამაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადების გამოექვეყნებისკენ უბიძგა.
”ინტერნეტ-სივრცეში ბოლო დროს ვრცელდება დისკუსიები 2008 წელს ტელეკომპანია “საქართველოს” ეთერში გასული დოკუმენტური ფილმის “რეზერვისტის” გარშემო. ფილმში ავტორებს გამოყენებული აქვთ აგრესიული შინაარსის მქონე ადოლფ ჰიტლერის ციტატა. ფილმის აღნიშნული ნაწილი ინტერნეტ სივრცეში ვიდეო რგოლის სახითაა გავრცელებული და ემსახურება იაფფასიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევას, საქრთველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმი და მით უფრო ადოლფ ჰიტლერის ციტატის გამოყენება და მისი შინაარსი არ ასახავდა და არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. ის წარმოადგენს ფილმის ავტორის პირად ინიაციატივას და ხედვას. თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად ემიჯნება ფილმში გამოყენებული ციტატის შინაარს და ავტორების ხედვას,” – აღნიშნა თავდაცვის სამინისტრომ წერილობით განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)