ახალი ამბები

ოპოზიცია თანხმდება, რომ სამართლიანი არჩევნების გარანტიები არ არსებობს

არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიები არ არსებობს.

21-მა პარტიამ დღეს ამ იდეის გარშემო ხელი მოაწერა ლეიბორისტული პარტიის ინიცირებულ მიმართვას გაეროსადმი, სადაც ისინი ამ საერთაშორისო ორგანიზაციას თხოვენ იკისროს ლიდერის როლი საქართველოში არჩევნების ორგანიზებაში.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოში არის მიხეილ სააკაშვილის ”ერთპიროვნული მმართველობა” და ”არ არსებობს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში არჩევნების ჩატარების სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიები, რაც ახლო მომავალში სამოქალაქო დაპირისპირების, ქვეყნის შემდგომი რღვევისა და რეგიონში დესტაბილიზაციის რეალურ საფრთხეს ქმნის”.

პარტიების შეფასებით, მიუხედევად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების სამოქალაქო დაპირისპირებისა და რევოლუციის გზებით ცვლილების პრაქტიკა არსებობს, ”ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების რესურსი და სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით შეცვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს”.

მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები; ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები;  რესპუბლიკელები;  “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; დაიცავი საქართველო,  მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის;  მრეწველები; პარტია თავისუფლება; საქართველოს გზა;  ეროვნული ფორუმი; კონსერვატიული პარტია;  ლეიბორისტები; ხალხის პარტია; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; ქართული დასი; ჩვენ თვითონ; ტრადიციონალისტთა კავშირი; ქალთა პარტია; მწვანეთა პარტია; სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისათვის და თეთრი მოძრაობა – თეთრები. საპარლამენტო უმცირესობიდან მიმართვას ხელს არ აწერენ მხოლოდ გია თორთლაძის დემოკრატიული პარტია და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

”თვითონ ფაქტი იმისა, რომ პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ დღევანდელი საარჩევნო გარემო არასამართლიანი, არადემოკრატიულია და ამაში საერთაშორისო თანამეგობრობამ წვლილი უნდა შეიტანოს, აბსოლუტურად სწორია,”- განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 30 დეკემბერს მიმართვის ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.

”საქართველოში არის არანორმალური გარემო და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ამ გარემოში ვერ ჩატარდება,”- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა.

საპარლამენტო უმცირესობიდან ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ამ მიმართვას შედეგად შეიძლება ის მაინც მოჰყვეს, რომ ”საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება თვითმმართველობის არჩევნების მიმართ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე მოლოდინები გვაქვს დღეს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button