
სააკაშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებზე შეუთანხმებლობა იყო
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში შვიდი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო.
“ახლა წარვადგინე ტელევიზიის ბორდში – მაკონტროლებელ ორგანოში – მთავრობის უკიდურესად რადიკალური კრიტიკოსები. ამან ჩვენებშიც – მე ვლაპარაკობ პარტიული კუთხით – ამან გამოიწვია გარკვეული, სერიოზული დაკა–დაკა და აზრთა სხვადასხვაობა,“ – განაცხადა სააკაშვილმა 25 დეკემბერს ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას.
პარლამენტმა 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში არსებული შვიდი ვაკანსია 18 დეკემბერს შეავსო, მათ შორის ”მედია კლუბის” მიერ დასახელებული სამი, ხოლო საპარლამენტო პარტია ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერილი ერთი წევრით.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ თავისი კანდიდატები არ დაასახელა, თუმცა ხუთმა პარტიამ განაცხადა, რომ ”მედია კლუბის” რჩეულებს გულშემატკივრობდა. თავდაპირველად, ”მედია კლუბის” სულ ხუთი კანდიდატი იყო წარდგენილი, თუმცა ორი მათგანის კანდიდატურა ჩავარდა კენჭისყრაზე.
ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ოპოზიციისთვის პარიტეტული კვოტის გამოყოფის შესახებ სააკაშვილმა ივლისში გაახმოვანა.