ახალი ამბები

ამერიკელი სენატორი ობამას ურჩევს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს

აშშ-მა, ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით დახმარების აღმოჩენასა და შეიარაღების მიყიდვებთან დაკავშირებით ”ყოვლისმომცველი და გამჭირვალე” მიდგომა უნდა შეიმუშაოს, – ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში.

მოხსენება, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სენატორ ლუგართან მომუშავე ჯგუფმა მოამზადა ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მასში ნათქვამია, რომ საქართველოს, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ ძალზედ უჭირს იარაღის შესყიდვები, ”საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ძირითადი შესაძლებლობები არ გააჩნია,” რაც აშშ-ს და მის მოკავშირეებს ნატო-დან ”სუსტ ვითარებაში” აყენებს. 

”რუსეთის მხრიდან მძლავრი დიპლომატიური ზეწოლის შედეგად, შეერთებულმა შტატებმაც კი შეაჩერა საბრძოლო შეიარაღების მიწოდება საქართველოსთვის,” – ნათქვამია მოხსენებაში.
 
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ის ამჟამინდელი დახმარება ძირითადად აქცენტს ინტელექტუალურ საკითხებზე აკეთებს, როგორიცაა,  მაგალითად, დოქტრინა და პერსონალის მართვა; ამ დახმარების კიდევ ერთი ასპექტი ავღანეთის მისიისთვის ჯარისკაცების მომზადებაა.

”საქართველოს ხელისუფლებამ გამოითხოვა ინფორმაცია ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემების და მათი ფასების შესახებ, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ამ ეტაპზე ამგვარი მიყიდვები ვერ განხორციელდება,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოზე ფაქტიურად ”დე ფაქტო იარაღის ემბარგოა დაწესებული და საბრძოლო პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანა დიდი სირთულეების წინაშე დგას”. 

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რამოდენიმე სარადარო სადგურის აღდგენა მოხერხდა, მოხსენების თანახმად, ამ რადარებს მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულება აქვთ და ”ადრეული შეტყობინებისთვის არ გამოდგება”. 

საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონგანმტკიცების პროგრამის ფარგლებში აშშ უკვე დაეხმარა საქართველოს სანაპირო დაცვას ხუთ პუნქტში საზღვაო სარადარო სადგურების განთავსებაში.

”ეს სადგურები თურქეთიდან რუსეთამდე არსებული მთელი სანაპირო ზოლის მონიტორინგის საშუალებას იძლევა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

”ნატომ უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ მომდევნო წლებში საქართველოს დასჭირდება ამერიკისა და ევროპის კოორდინირებული მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით,” – აცხადებს სენატორი ლუგარი მოხსენებაზე თანდართულ წერილში.

მოხსენება ასევე რეკომენდაციას აძლევს აშშ-ის ადმინისტრაციას ხელი შეუწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულების დადებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button