ახალი ამბები

ნოღაიდელის პარტია დაკარგული ან დაკავებული ოსი მოქალაქეების ადგილსამყოფელს იძიებს

ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იმ 35 ოსი მოქალაქის ბედის გარკვევას ცდილობს, რომლებიც ცხინვალის განცხადებით, ქართული მხარის მიერ დაკავებულად ან დაკარგულად ითვლებიან და უცნობია მათი ადგილსამყოფელი.

პარტიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც ჩამოთვლილია ეს პიროვნებები, ნათქვამია, რომ მათზე სრული ინფორმაციის მოძიების თხოვნით ნოღაიდელის პარტიამ 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს, შს მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების მინისტრს ოფიციალურად მიმართა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 8-9 აგვისტოდან 2009 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეულია 12 პიროვნება, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. მათ შორისაა 2008 წლის ოქტომბერში დაკარგული ის სამი მოქალაქეც, რომელთა დაკავების ფაქტს ქართული მხარე უარყოფს, თუმცა ოსური მხარე აცხადებს, რომ გააჩნია მათი დაკითხვის ამსახველი ვიდეო-მასალა.

სიაში ასევე წარმოდგენილია ის 23 პირი, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულობებისთვის შარშანდელ აგვისტოს ომამდე დააკავეს და საქართველოს ციხეებში იხდიან სასჯელებს.

აღნიშნული სიები ზურაბ ნოღაიდელს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი ცხინვალში ვიზიტისას, 19 დეკემბერს გადასცეს, როდესაც მან სეპარატისტ ლიდერთან ედუარდ კოკოითთან და დაკარგულების ოჯახის წევრებთან გამართა შეხვედრები. ამ სტუმრობას დაემთხვა ცხინვალის მიერ დაკავებული სამი ქართველი მოზარდის შეწყალება და გათავისუფლება.

Back to top button