skip to content
ახალი ამბები

ეკლესია ”მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლური” კამპანიის შესახებ საუბრობს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ გამოქვეყნებულ საკმაოდ მკაცრ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”მტრულად განწყობილი ძალები” ეკლესიის წინააღმდეგ ”ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ” კამპანიაში მონაწილეობენ და გააფრთხილა, რომ თუ ეს კამპანია გაგრძელდება, ის იძულებული გახდება ”შესაბამისი ნაბიჯები” გადადგას. თუმცა, რა ნაბიჯებზეა საუბარი, არ არის დაკონკრეტებული.   

”სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან,” – ნათქვამია 23 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ წმინდა სინოდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ერთხელ უკვე გააკრიტიკა საჯაროდ ერთ-ერთი ქართული ნაციონალური ტელევიზია ”იმედი” ეკლესიის შესახებ ”უსაფუძვლო” ინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესია იყენებს ტერმინს – ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია.

”წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა,” – ნათქვამია განცხადებაში,  ”პროცესები თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება”.

”არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდეფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიისადმი სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ,” – აღნიშნავს სინოდი.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button