ახალი ამბები

პუტინი ”დიდების მემორიალის” მოსკოვში აღდგენას აპირებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ გეგმაში აქვს ქუთაისში აფეთქებული ”დიდების მემორიალი” მოსკოვში ხელახლა დადგას, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. 

”საჭიროა, რომ მოსკოვის ხელისუფლებამ გამონახოს ღირსეული ადგილი ამ მონუმენტისთვის,”- განაცხადა მან,  ”ვიმედოვნებ, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს რუსული და ქართული საზოგადოებრიობა. მადლობა ღმერთს, ამ ძეგლის ავტორი ცოცხალია და შეიძლება ლაპარაკი ჩვენს სპეციალისტებთანაც”.

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ”დიდების მემორიალი”, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს ეძღვნებოდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით 19 დეკემბერს ააფეთქეს. ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აფეთქებისას უსაფრთხოების ზომების დარღვევას. საქართველოს ოპოზიციურმა ძალებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს.

”შესაძლებლად მივიჩნევ ამ ძეგლის აღდგენას ერთ დროს ერთიანი სახელმწიფოს [საბჭოთა კავშირის] დედაქალაქში – მოსკოვში,”- განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს გაკეთდება იმ ქართველების ხსოვნისთვის, ვინც ”ჩვენს ერთიან ქვეყანას იცავდა” მეორე მსოფლიო ომში, იუწყება ”იტარ-ტასსი”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია, რომ ეს აფეთქება იყო ”მორიგი მცდელობა, რათა წაიშალოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხალხთა მეხსიერებიდან საერთო, გმირული წარსულის ხსოვნა”, იტყობინება ”რია ნოვოსტი”.

პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამ ძეგლის აღდგენის ბევრი მსურველი გამოჩნდება, მათ შორის ქართული დიასპორიდანაც.

ჯერ კიდევ ძეგლის აფეთქების წინ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული საპროტესტო პოზიცია  საქართველოს საგარეო უწყებამ შეაფასა, როგორც რუსი კოლეგების ”უზნეო ჩვევა მუდმივად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button