
ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენის განაცხადით მიმართა
ქართულმა ავიაკომპანიამ "ჯორჯიან ეარვეის"-მა მიმართა რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობას 5 იანვრიდან მისცეს უფლება რუსეთში პირდაპირი რეგულარული ფრენების აღდგენის, ხოლო 26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე საახალწლო ყოველდღიური ჩარტერული რეისების დაშვების თაობაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 9 დეკემბერს საქართველოსთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობებზე ისაუბრა. თბილისმა განაცხადა, რომ მიესალმება თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
”ჩვენ ვთვლით, თუ ეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მორიგი პიარკამპანია არ არის, ჩვენ რეგულარულ რეისებზე მალე მივიღებთ ნებართვას,”- განაცხადა "ჯორჯიან ეარვეის"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა 22 დეკემბერს.
21 დეკემბერს ”რია ნოვოსტი” რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ საქართველოდან ავიარეისების აღდგენაზე განაცხადი მიღებულია, თუმცა მისი განხილვისა და რეისების დანიშვნის ვადებს სამინისტრო არ აკონკრეტებდა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის გაზაფხულზე აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)