
თბილისი სეპარატისტული რეგიონების მიმართ სტრატეგიის პროექტზე მუშაობს
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი 21 დეკემბერს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის განხილვის მიზნით.
შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან.
”ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ეფექტური იქნება და განხორციელდება და რომელიც მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ იქნება,” – განაცხადა იაკობაშვილმა, რომელიც 21 დეკემბერს დოკუმენტის განხილვის მიზნით ასევე შეხვდა ექსპერტებს და მეცნიერებს.
მისი თქმით, დოკუმენტი ისე იქნა შედგენილი, რომ მან სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესებიც ასახოს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დოკუმენტი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ერთ თვეში დასრულდება და მისი ძირითადი მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაცია დანარჩენ საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სტრატეგიის პროექტს მოყვება ცალკე დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სამოქმედო გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიაში ასახული მიზნების განხორციელება.
ალიანსი საქართველოსთვის წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა 20 დეკემბერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიიწვიეს, ალიანსი არ მიიღებს მონაწილეობას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად დოკუმენტი დადებითი ნაბიჯია, გაურკვეველია, როგორ აპირებს მის შესრულებას ხელისუფლება, რომელსაც ამისთვის ”არანაირი რესურსი” არ გააჩნია.
ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ”სეპარატისტული რეგიონების იზოლაცია არ დაეხმარება კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს”.
”პირიქით – საჭიროა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოქნილი ჩართულობის პოლიტიკა,” – განაცხადა მან. ამ კონტექტსში ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ამ ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებისკენ მიმართული მცდელობები ”ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)