
მმართველი პარტიის დეპუტატები მიესალმებიან მოზარდების გათავისუფლებას
მმართველი პარტიის დეპუტატები მიესალმებიან და დადებითად აფასებენ ცხინვალში დაკავებული სამი მოზარდის გათავისუფლებას.
”ეს არის შედეგი იმ ზეწოლისა, რომელსაც საქართველო ახორციელებდა რუსეთზე თავის მოკავშირეების საშუალებით, როგორც ევროპული სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლების საშუალებით,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გოკა გაბაშვილმა.
ნოემბერში დაკავებული ორი ტირძნისელი მოზარდი და ივლისში დაკავებული ერთი ქართველი ახალგაზრდა სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის შეწყალების აქტის საფუძველზე ”კეთილი ნების ნიშნად” მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ცხინვალს დღეს დილით ამ საკითხის მოსაგვარებლად მორიგი ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი; ასევე ყოფილი პრემიერი და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. ცხინვალს სტუმრობდა რუსეთის ომბუდსმენი ვლადიმერ ლუკინიც.
გაბაშვილმა აღნიშნა, რომ არ არის მისასალმებელი ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტები ცხინვალში, რადგან ისინი ”ახდენენ რაღაცნაირად ლეგიტიმაციას ბანდიტური რეჟიმისა, რომელიც სუფევს სამხრეთ ოსეთში”.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ”ბავშვების” დაკავების თემა ”ძალიან ბინძურად” გამოიყენა და მათი ამ სახით გათავისუფლება უფრო ”პრიმაკოვის ნაირი ადამიანების მიერ დაგეგმილი ნაბიჯებია” და არა კოკოითის ”ადგილობრივი ტერორისტული სტრუქტურის”.
”ყველაფერს აკეთებს უშუალოდ კრემლი, ეს არის ცალსახა, რომ ქართულ საზოგადოებას გაუჩინოს მიუღებლობა საკუთარივე არჩეული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ. ამას ისეთი თეთრი ძაფებით ნაკერი სახე აქვს, რომ მე მგონი, ისედაც ყველასათვის ნათელია,”- განაცხადა დარჩიაშვილმა.
ნოღაიდელმა დღეს ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მოზარდების გათავისუფლების საკითხი მან რუს ოფიციალურ პირებთან კვირის დასაწყისში მოსკოვში ვიზიტის დროს განიხილა.
”ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილები, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნებოდა. მაშინვე შევთანხმდით, რომ ბატონი ლუკინი ესტუმრებოდა ცხინვალს ამ დღეების განმავლობაში და თუ გადაწყვეტილება იქნებოდა, შემატყობინებდნენ და მეც ჩავიდოდი ცხინვალში. ასეც მოხდა, გუშინ საღამოს დამირეკა ბატონმა დავით სანაკოევმა [სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში] და ამის გამო ჩავედი მე დღეს. შეხვედრა მქონდა ედუარდ კოკოითთან. ნუ, მოლაპარაკებები რეალურად არ შედგა იმიტომ, რომ საუბრის დასაწყისშივე კოკოითმა გამოაცხადა, რომ სამივე ბავშვს დღეს გაუშვებს,”- განაცხადა ნოღაიდელმა.
This post is also available in: English Русский