ახალი ამბები

თომას ჰამერბერგი საქართველოში ჩამოვა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი საქართველოში ჩამოვა და ცხინვალში დაკავებული ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებას შეეცდება. 

თბილისში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ოფისის განცხადებით, ჰამერბერგი თბილისში მიმდინარე კვირას ჩამოვა და სავარაუდოდ, ის ცხინვალსაც ეწვევა.

სოფელ ტირძნისის მკვიდრი ოთხი ქართველი მოზარდი სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 4 ნოემბერს დააკავა.

ჰამერბერგმა, რომელმაც თვის დასაწყისში შუამავლის როლი შეასრულა ორი ქართველი მოზარდის და ხუთი ოსის გათავისუფლების საქმეში, განაცხადა 3 დეკემბერს, რომ სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობამ მას ”მყარი დაპირება” მისცა, რომ დანარჩენ ორ მოზარდს ”13 დეკემბერს დილას” გაათავისუფლებდა.

თუმცა, მიუხედავად ამ დაპირებისა, 17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

გარდა ამ ორი მოზარდისა, ცხინვალში ასევე დაპატიმრებული ჰყავთ კიდევ ერთი ქართველი მოზარდი გიორგი არჩვაძე. ოთხი ტირძნისელი მოზარდის საქმისგან განსხვავებით, არჩვაძის საქმე ნაკლებად მოექცა მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

არჩვაძე, რომლის ოჯახიც იძულებული გახდა საკუთარი სახლი სოფელ ბელოთში შარშანდელი აგვისტოს ომის შედეგად დაეტოვებინა, 2009 წლის 5 ივლისს გაუჩინარდა. მაშინ არჩვაძე 15 წლის იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, არჩვაძე სეპარატისტული რეგიონის სამართალდამცავებმა დააკავეს და მას ”სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” დასდეს ბრალი.

სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენლის მოადგილემ პოსტ-კონფლიქტური მოგვარების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა განუცხადა სეპარატისტული რეგიონის დეპუტატებს 9 დეკემბერს, რომ სულ 16 ქართველი მოქალაქე რჩება ცხინვალში პატიმრობაში ან ”საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ან იარაღის უკანონო ტარებისთვის”. მათი უმეტესობა აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს, თუმცა რამოდენიმე მათგანი, ჩიგოევის თქმით, ომამდე იქნა დაკავებული. მისი თქმით, ცხინვალი ”ყველას ყველაზე გაცვლას” ითხოვს.

გარდა ამისა, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ოსმა სამართალდამცავებმა 22 ნოემბერს ახალგორში 61 წლის ქართველი მოქალაქე ჯემალ მიდელაშვილი დააკავეს, სადაც ის თავის მშობლებს სტუმრობდა. მიდელაშვილის საქმე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს სახალხო დამცველმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ მიდელაშვილის ცოლმა ომბუდსმენს მიმართა დახმარებისთვის.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა გასულ კვირას, რომ მისია ”ახლოს თანამშრომლობს” ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, რათა ”თუ შესაძლებელია, მიაღწიოს ყველა იმ დაკავებულის გათავისუფლებას, რომლებიც შარშანდელი აგვისტოს შემდეგ არიან დაკავებულნი”.

მისი თქმით, კიდევ ერთი ”დიდი პრობლემა” უკავშირდება სამი ”გაუჩინარებული ოსის საქმეს, რომელთა ბედიც გაურკვეველია”.

სამი ოსი მოქალაქე 2008 წლის 13 ოქტომბრიდან გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მათ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გადმოკვეთეს.  სამხრეთ ოსურმა მხარემ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ მობილური ტელეფონით არის გადაღებული,  სადაც ჩანს, რომ ამ სამ პიროვნებას უცნობი პირები უყვირიან და ურტყამენ. ცხინვალის თქმით, ეს უცნობი პირები ქართველი სამართალდაცავები არიან. თუმცა თბილისი უარყოფს ამ ბრალდებას. გაურკვეველია, როგორ მოიპოვა სამხრეთ ოსურმა მხარემ ეს ვიდეო მასალა.

ჰაბერის თქმით, ამ სამი მამაკაცის შესახებ ინფორმაციის არარსებობის მოტივით ცხინვალმა არ მიიღო მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში.

სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენელმა პოსტ-კონფლიქტური მოგვარების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა განაცხადა ცხინვალში 14 დეკემბერს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან ხარალამპოს ხრისტოპულოსთან შეხვედრის შემდეგ, რომ ცხინვალი მონაწილეობას მიიღებს 17 დეკემბერს სოფელ ერგნეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაში დაკარგული პირების საკითხის განხილვის მიზნით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button