skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში ორი რუსული საპატრულო კატარღა შევიდა

12 დეკემბერს რუსეთის სანაპირო დაცვის  ”მანგუსტისა” და ”სობოლის” ტიპის ორი საპატრულო კატარღა ოჩამჩირის პორტში შევიდა ე.წ. აფხაზეთის ”ტერიტორიული წყლების” დაცვის მიზნით, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

”ეს ორი სასაზღვრო კატარღა შეასრულებს აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვაო საზღვრების დაცვის და რესპუბლიკის საზღვაო აკვატორიაში შემომავალი გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს,”- იტყობინება ”ინტერფაქსი” სეპარატისტულ რეგიონში არსებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის შენაერთის მეთაურის იური ზვირიკის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ერთად კატარღების დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

”რია ნოვოსტი” სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფხაზეთში დამატებით ორი რუსული საპატრულო კატარღა შევა.

მოსკოვმა სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში სოხუმთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე პირველი კატარღა  – ”ნოვოროსიისკი” რეგიონში 27 სექტემბერს, თბილისის მიერ  გემების დაკავების გამო აგვისტოში წარმოქმნილი საზღვაო დაძაბულობის შემდეგ შეიყვანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button