ახალი ამბები

სააკაშვილი მედვედევის განცხადებას პასუხობს

პრეზიდენტი სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს აღდგეს საჰაერო მიმოსვლა და გაიხსნას ზემო ლარსის საგუშაგო, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებების საპასუხოდ.

მედვედევმა 9 დეკემბერს განაცხადა,  რომ არ აპირებს რაიმე კონტაქტები იქონიოს თავის ქართველ კოლეგასთან და ”ზოგიერთ სხვა მმართველთან”, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს არ არის მიზეზი იმისათვის, რომ გადაიდოს სხვა გადაწყვეტილებები, მათ შორის საზღვრის გახსნისა და პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე.

”რუსეთის პრეზიდენტის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსული პროდუქცია საქართველოში დღესაც არ არის დაბლოკილი და მას არანაირი ემბარგო არ დამუქრებია. დღესაც რუსეთის მოქალაქეები და არა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები, გამარტივებული წესით შემოდიან საქართველოში,”- განაცხადა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე,

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების უმეტესობა რუსეთმა ცალმხრივად დააწესა ჯერ კიდევ შარშანდელ ომამდე, სავიზო რეჟიმი კი 2003 წლამდე იქნა შემოღებული.

”თუ ისინი მიბაძავენ საქართველოს და შეზღუდვები მოიხსნება, საქართველოს ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

Back to top button