
სააკაშვილი: ’ყიყინის’ მიუხედავად, დაპირებები შესრულდება
პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, კრიტიკოსთა ”ყიყინის” მიუხედავად.
”საქართველოში ყოველთვის არის ხალხი, რომელიც იტყვის, რომ ’არ გააკეთოთ ეგ საქმე’… სიახლე არ უყვართ და საქმის მკეთებელი, განსაკუთრებით, უსაქმურებს არ უყვართ. ნაცარქექიების და უსაქმურების ჭკუაზე ჩვენ არ ვივლით,”- განაცხადა მან 8 დეკემბერს.
”დავპირდით დღეს, რომ დაიწყება ერთ წელიწადში ნამახვანის [ჰესების კასკადის] მშენებლობა, დაიწყება ერთ წელიწადში ნამახვანის მშენებლობა; დავპირდით ადრე, რომ ფარავანი [ჰესი] დაიწყება ერთ წელიწადში, იწყება ამ დღეებში ფარავანი; დავპირდით, რომ გორში ამა და ამ თარიღზე ჩავალთ ავტობანით, სამი თვით ადრე ჩავედით; დავპირდით, რომ 2011-მდე იქნება, პრაქტიკულად, ყველა ძირითადი მონაკვეთი დამთავრებული თბილისი-ბათუმის ავტობანის, იქნება ეს დამთავრებული; დავპირდით, რომ 2010 თუ 2011-ში იქნება მესია [გზა], იქნება გაკეთებული; და როდესაც გაკეთდება, ყველა დაინახავს და შეაფასებს. არის ხალხი ვინც ვერასდროს ვერ დაინახავს და ვერ შეაფასებს, ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ხალხს, ვისაც არ უნდა რომ არაფერი გაკეთდეს – ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის! და ეს ქარავანი მივა ბოლომდე კარგი გზებით,”- განაცხადა მან გზის მშენებლებთან შეხვედრაზე.
ვიდრე მშენებლებს, მათ შორის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელს რამაზ ნიკოლაიშვილს, ღირსების ორდენებით დააჯილდოვებდა, პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა რუქის გამოყენებით გზების მშენებლობის პროექტებზე, რაც მისი თქმით, სხვა პოზიტივთან ერთად რეგიონების განვითარებას და ქვეყნის დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს.
მან მშენებლებს მოუწოდა ”ჩქარა და ხარისხიანად” განახორციელონ ეს პროექტები და აქვე, აღნიშნა, რომ ამ საქმეში ”ფულის მოტეხვა” პრაქტიკულად შეუძლებელია.
”ამას წინათ გამოდიოდა ერთი პოლიტიკოსი და იძახდა, რომ იმიტომ აშენებენ ხიდებს, რომ ფული მოტეხონ. ყველაზე ადვილი გზა ფულის მოტეხვის, როგორც გვასწავლა დაუვიწყარმა შევარდნაძემ, არის არაფრის კეთება. აი, მაშინ ტყდება მართლა ფული. ფული ჩვენ ცოტა გვაქვს და გვინდა ბევრი გავაკეთოთ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ფულის მოტეხვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი და თუ ვინმეს ეს უნდა, იმასაც მოტყდება ხელები, როგორც არაერთხელ დაამტკიცა საქართველოს პროკურატურამ”.
”მე არავის არ ვაშინებ. იმუშავეთ გამბედავად და თამამად და ნურავის ყიყინის ნუ შეგეშინდებათ. იმიტომ, რომ ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს გაუკეთებელ საქმეებზე და არა იმიტომ, რომ გავაკეთეთ რაღაცა,”- მიმართა მან მშენებლებს.