
სააკაშვილი საქართველოს ავღანურ მისიაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანურ მისიაში პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან.
”მაშინ როცა ჩვენი მოკავშირეები – ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა – გადართული არიან სხვა საკითხებზე [ავღანეთსა და ერაყზე], ჩვენი მტერი აქტიურდება. რაც უფრო მალე მოგვარდება ავღანეთის სიტუაცია და რაც უფრო მალე დამთავრდება ომი ერაყში, მით უფრო დაცული იქნება საქართველო,” – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ეს განცხადება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. მანამდე ეს ბრიგადა გორში იყო განთავსებული.
სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ერთი ასეული გააგზავნა ავღანეთში და მომავალ წელს ერთი ბატალიონის გაგზავნას აპირებს ყოველგვარი შეზღუდვების დაწესების გარეშე.
”ჩვენს კონტიგენტებს, განსხვავებით ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის არანაირი შეზღუდვები არ აქვს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ჩვენი ჯარისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოს ნამდვილი საბრძოლო ნათლობა. ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ აღლუმზე საჩვენებელი ჯარი,” – განაცხადა მან.
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ალიანსი მადლიერია საქართველოს ”გასაოცარი” წვლილისა ნატოს ავღანურ ოპერაციებში.
”დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ საქართველოს წვლილი ნატოს მისიაში ერთ სულ მოსახლეზე შესაძლოა უმსხვილესი იყოს,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ძალიან მადლიერნი ვართ საქართველოს წვლილის ავღანეთის ამ მნიშვნელოვან მისიაში”.
This post is also available in: English Русский