
პრეზიდენტმა ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება გააკრიტიკა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ”გულგრილი” დამოკიდებულებისათვის ყველა სახელმწიფო მოხელე აგებს პასუხს.
მან ეს განცხადება ქუთაისში, ერთ-ერთ შეჭირვებულ ოჯახში სტუმრობისას გააკეთა. სააკაშვილს ოჯახის დისახლისმა უთხრა, რომ შუქი არ ჰქონდა და სახლში წყალი ჩასდიოდა. ამ პრობლემებზე სააკაშვილმა პასუხი იქვე მყოფ ქუთაისის მერს, ნუგზარ შამუგიას მოთხოვა.
”ორი წელი დენი არ აქვთ, სანამ ჩვენ არ დავინტერესდით, არავის არ მოსვლია აზრად რომ ჩაერთო… სანამ პრეზიდენტი არ ჩაერთო [ამ საქმეში],”- განუცხადა სააკაშვილმა მერს მას შემდეგ, რაც მისმა პასუხმა არ დააკმაყოფილა.
”ჩვენ გულქვა მთავრობა ვართ და მარტო ნორმატივებით ვხელმძღვანელობთ? თუ ვარდების რევოლუცია იმიტომ, მოხდა, რომ შევარდნაძესავით სულ მიზეზი გვქონდეს რატომ არის ხალხი საღორეში,”- განაგრძო მან და ოჯახის ერთ-ერთ პატარა წევრზე მიუთითა, ”ზამთარში რომ გაიყინება და ბავშვი რომ მოკვდება, ბოდიში ყველას ჯვარი წერია, მერე რა ვქნათ? როგორც ჩანს ჩვენთან საქართველოში გაჩნდა და გამოვიყვანეთ ჩვენ კასტა ბიუროკრატების, რომელსაც ბოდიში და ყველაფერი ფეხებზე კიდია, გარდა რაღაც საჩვენებელი ღონისძიებებისა”.
”მე მინდა ყველა გავაფრთხილო სახელმწიფო აპარატში: მე ასეთ გულგრილობას და სისასტიკეს მართლა აღარ დავუშვებ. ყველას მოვთხოვ პასუხს,”- განაცხადა მან.