ახალი ამბები

კუბლაშვილის თქმით, მერი პირდაპირ მხოლოდ თბილისში აირჩევა

პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ მერი პირდაპირი წესით აირჩევა მხოლოდ თბილისში და არა დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ”გამოხატა მზადყოფნა მომავალ წელს ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე”.

თუმცა კუბლაშვილი შეეცადა, რომ ამ განცხადების მნიშვნელობა დაედაბლებინა განაცხადა რა, რომ გაეროში გამოსვლამდე, პრეზიდენტმა ივლისში პარლამენტში გამოსვლისას დადო პირობა, რომ მერი მხოლოდ თბილისში აირჩეოდა პირდაპირი წესით.

”პარლამენტში, როდესაც პირველად გაჟღერდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევის ინიციატივა, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეს შეეხება მხოლოდ დედაქალაქს… აქ დაპირება გაკეთდა სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან, ქართული საზოგადოებისთვის მიმართვიდან და შესაბამისად ეს პირობა სრულდება,”- განაცხადა კუბლაშვილმა პირველ არხზე თოქ-შოუში ”დიალოგი  დავით პაიჭაძესთან ერთად” სტუმრობისას.

”ახლა თუ ვინმეს უნდა რომ რაღაც [პრეზიდენტის] სხვადასხვა გამოსვლებიდან ამოკრიფოს და ამის შესაბამისად თქვას, რომ რატომ არ არის სხვაგანაც არჩევნები, მე მგონი არ არის სწორი მიმართულება მსჯელობის,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, თბილისი განსხვავებულია რაოდენობრივად და პოლიტიკური პლურალიზმითაც სხვა ქალაქებისგან.  ”და აქედან გამომდინარე ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები იქნება თბილისში,”- განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს ნაკლებ ნდობას სხვა ქალაქების მიმართ.

იმავე თოქ-შოუში საუბრისას კუბლაშვილმა განაცხადა, რომ 30%-იანი ბარიერი თბილისის მერის ასარჩევად არის მაქსიმუმი, რაზეც მმართველი პარტია თანხმდება სარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მუშაობს.  ამ ჯგუფში ალიანსი საქართველოსთვის ბარიერის 50%+1 ნიშნულზე განსაზღვრას მოითხოვს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ მზადაა ”გონივრული კომპრომისისთვის”, მაგრამ არა 30%-მდე.

”თუ არ შემოუერთდა ამას ბატონი ირაკლი ალასანია და მისი გუნდი, ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის ფორმატში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და ჩვენ შევეცდებით, რომ პოლიტიკურ სპექტრთან ცალკეული შეხვედრების გზით, კონსულტაციების გზით სხვა გადაწყვეტილებებზე ვიფიქროთ,”- განაცხადა კუბლაშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ საკითხის ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებიდან გარეთ გატანის შემთხვევაში, მმართველი პარტიისთვის ”უბარიერო სისტემა იყოს უფრო მისაღები”, რასაც საწყის ეტაპზე აყენებდნენ ნაციონალები და რომლის დროსაც, მისი თქმით, ”ყველაზე კარგად ჩანს ვის აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button