ახალი ამბები

ევროკავშირის დამკვირვებლები 16 ქართველის დაკავების ადგილის შემოწმების შესახებ იტყობინებიან

28 ოქტომბერს ქართულ, რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაქტების დადგენას და იმ ტერიტორიის მონახულებას, სადაც კვირას რუსმა მესაზღვრეებმა, ამჟამადაც კვლავ პატიმრობაში მყოფი 16 ქართველი დააკავეს, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.
 
მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს, რომელშიც მისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ყველა მონაწილე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ 16 ადამიანიდან რამოდენიმემ სავარაუდოდ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი 100 მეტზე ნაკლები მანძილით გადაკვეთა, ხოლო იმის ალბათობა, რომ მათ საზღვარი 30-50 მეტრის მანძილზე გადაკვეთეს დიდია.

”მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის შესახებ განსხვავებული ვერსიები გაჟღერდა, ყველა მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისას რაიმე ბოროტი განზრახვა ტყის მჭრელებს არ ჰქონიათ,” – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

”მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პირების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლებრივი ხასიათის და რომ შემდგომი გამოძიების საჭიროება აღარ არსებობს,” – განაცხადა მისიამ.

სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, შეხვედრაზე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა დუშეთის რაიონის ადგილობრივმა პოლიციამ და რუსმა მესაზღვრეებმა უფრო აქტიურად ითანამშრომლონ. მისიის თქმით, შეხვედრაზე თანხმობა იყო იმის შესახებაც, რომ აუცილებელია მოხდეს ინფორმაციის გაცვლა სამხრეთ ოსურ და ქართულ სატყეო დეპარტამენტებს შორის, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს.

”სადამკვირვებლო მისიას მიაჩნია, რომ დაკავებულები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ და ეს ინიციდენტი გამოყენებულ უნდა იქნას იმ სისტემის შესამუშავებლად, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სასაზღვრო ზონაში საქმიანობების განხორციელებაში დაეხმარება,” – განაცხადა მისიამ.

მისიის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 28 ოქტომბრის 19 საათამდე აცნობებდა, თუ რა შემდეგომი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ დაკავებულ პირებთან მიმართებაში. შეხვედრაზე, მისიის ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა ითხოვეს, რომ დათქმულ დრომდე, ანუ 19 საათამდე არ მომხდარიყო მედიისთვის ინფორმაციის გაცემა.

შეხვედრიდან ცოტა ხანში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში შსს-ს წარმომადგენელთან შოთა უტიაშვილთან ერთად, უთხრა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ფაქტი არ დადასტურდა.

ხოლო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ შეხვედრის შემდეგ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ  16 საქართველოს მოქალაქის მიერ ”სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საგრძნობლად სიღრმეში შეღწევის” ფაქტი დადასტურდა. ამავე ინფორმაციით, სამხრეთ ოსურმა მხარემ შესთავაზა საქართველოს ხელისუფლების და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხელი მოეწერათ ოქმისთვის, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაკავებულებმა გადაკვეთეს საზღვარი, თუმცა უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ მათ რაიმე დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილება არ გააჩნდათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button