skip to content
ახალი ამბები

ბაქრაძე გამსახურდიას პარლამენტში შესვლას მიესალმა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოპოზიციური პარტია თავისუფლების ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ”პოზიტიური და მნიშვნელოვანი” ნაბიჯი უწოდა.

დავით ბაქრაძის თქმით, მისი სურვილია კონსტანტინე გამსახურდია ”ვიხილოთ პარლამენტში წარმოდგენილი იმგვარად, რომ მან მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი ფუნქციის შესრულება”.  

”ეს არის ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,” – განუცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ს” გამსახურდიასთან შეხვედრამდე. ”თუ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ქართულ პოლიტიკაში ბოლო 20 წლის მანძილზე არსებულ არასტაბილურობის განცდას, ქაოსს, არაპროგნოზირებადობას, აუცილებელია პოლიტიკოსებმა ვისწავლოთ არა მხოლოდ ქუჩაში გამოსვლები, არამედ ინტიტუციებში, პოლიტიკურ სტრუქტურებში ერთად დასხდომა, ერთად მუშაობა და პრობლემების მოგვარება ცივილური დიალოგის გზით. დებატები იქნება უფრო მნიშვნელოვანი და იქნება უფრო აქტიური”.

დავით ბაქრაძის და კონსტანტინე გამსახურდიას შეხვედრა პარლამენტში შედგა.

პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ კონსტანტინე გამსახურდია სათავეში ჩაუდგეს დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივით პარლამენტში შექმნილ კომისიას, რომელიც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს შეისწავლის. ეს კომისია გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენის შემდეგ დაკომპლექტდება.

კონსტანტინე გამსახურდიამ სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენის და პარლამენტში მოღვაწეობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ 23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილება შესაძლებელი გახადა პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომელიც 2009 წლის ბოლომდე პარლამენტში დაბრუნების შანსს აძლევს პროპორციული წესით არჩეულ იმ 10 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომლებმაც 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მოტივით უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button