ახალი ამბები

ევროპის სასამართლომ ათი წლის წინანდელ შეთქმულების საქმეში მსჯავრდებულები გაამართლა

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ იმ სამი ადამიანის სასამართლო პროცესი, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვის გამო რვა წლის წინ გაასამართლეს, უსამართლო იყო.

27 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაურისთვის გუჯარ ყურაშვილსთვის, ასევე არჩილ ფანჯიკიძისა და კახაბერ ქანთარიასთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს თითოეულისთვის 2 000 ევროს გადახდა  დააკისრა .

სამივე მათგანი, კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, 1999 წლის მაისში დააპატიმრეს და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ შეთქმულების და მკვლელობის დაგეგმვაში დასდეს ბრალი. ხელისუფელბა აცხადებდა მაშინ, რომ შეთქმულების უკან უშიშროების სამსახური ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძე იდგა.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, რომელიც ერთი პროფესიონალი მოსამართლისა და ორი მსაჯულისგან შედგებოდა, სამივე მათგანი კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ შეთქმულებაში დამნაშავედ ცნო 2001 წლის ნოემბერში და თითოეულ მათგანს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა ყურაშვილის, ფანჯიკიძისა და ქანთარიას სარჩელი, რომელშიც ეს სამი პიროვნება აცხადებდა, რომ სასამართლო პროცესი მათ წინააღმდეგ უსამართლო იყო, რადგანაც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია, რომელმაც ისინი გაასამართლა, არ იყო ”კანონის შესაბამისად შექმნილი სასამართლო,” რადგანაც მასში შედიოდა ორი მსაჯული, რომელთაც არ ჰქონდათ მოსამართლის ფუნქციების შესრულების კომპეტენცია.

მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2005 წელს გაუქმდა. ეს ინსტიტუტი საბჭოთა სასამართლო სისტემის გადმონაშთი იყო, სადაც სხვა პროფესიის წარმომადგენლებს სასამართლო პროცესში მსაჯულთა რანგში იწვევდნენ.  ისინი მოქმედებდნენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button