ახალი ამბები

სააკაშვილი: ”ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს, ამაზე მე საერთოდ არ შევიცვლი აზრს”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა ორ წელიწადში უნდა დასრულდეს და ”ამ საკითხზე მე საერთოდ არ შევიცვლი აზრს”.

პრეზიდენტმა ეს განცხადება გელათის აკადემიის აღდგენილი შენობის გახსნისას გააკეთა, რომლის პრეზენტაციას საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად 22 ოქტომბერს დაესწრო.

”ახლა ვიცი, რომ დიდი დავა არის ბაგრატზე,”- განაცხადა მან, ”ჩვენ ვუთხარით, რომ იუნესკოს ყველაზე საუკეთესო სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ, ნახონ როგორ უნდა გავაკეთოთ კარგად. მაგრამ თუკი ვინმეს თვითმიზანი აქვს სხვადასხვა აქტივისტებში, ვინც წერს გაზეთში, პრესაში, რაღაც ორგანიზაციები, რომ საერთოდ არ აღდგეს ბაგრატი – თუ ეს არის ვინმეს თვითმიზანი, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი ეს თვითმიზანი არ შესრულდეს და ბაგრატი აღდგეს, დასრულდეს უახლოეს 2 წლის განმავლობაში როგორც დავგეგმეთ; ოღონდ, რა თქმა უნდა, არა არაპროფესიონალურად, არამედ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების და უმაღლესი მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. მაგრამ რომ აღდგება, ამაზე ნურავის ნურანაირი ილუზია ნუ ექნება  – ამ საკითხზე მე საერთოდ არ შევიცვლი აზრს. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალების წარმოუდგეს ისევ საქართველოს”.

ბაგრატის ტაძრის აღდგენის პირობა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში, მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ ინაუგურაციის ცერემონიალზე დადო და მისი ”ძველი ბრწყინვალების დასაბრუნებლად” ფართომასშტაბიანი სამუშაოების გეგმების შესახებ გამოაცხადა. ”მე მინდა ეს იყოს ჩვენი შეტანილი წვლილი საქართველოს აღორძინებაში,”- განაცხადა მან მაშინ.

თუმცა ბაგრატის ტაძრის მიმდინარე აღდგენითმა სამუშაოებმა ცოტა ხნის წინ დებატები გამოიწვია სპეციალისტებში, რომელთა ნაწილი ამ ტაძრის არსებული ფორმით კონსერვაციას, ხოლო ნაწილი თანამედროვე მეთოდებით აღდგენას ემხრობოდა.

მე-10-11 საუკუნეებში აგებული ეს ტაძარი იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ფონდში 1994 წელს შეიყვანა.  

2009 წლის ივლისში იუნესკოს გადაწყვეტილებით მცხეთა საფრთხის წინაშე მდგომი ისტორიული ძეგლების  ნუსხაში შეიყვანეს. ორგანიზაციამ ამის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ქალაქი-მუზეუმის ”ზოგიერთი კომპონენტის მიუღებელი მეთოდებით რესტრავრაცია, რის შედეგადაც მათი აუთენტურობა დაიკარგა.”

22 ოქტომბერს სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში 400-მდე ეკლესია აღდგა. ”მას შემდეგ, რაც მე ფიცი დავდე წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საფლავზე 2004 წლის იანვარში, კიდევ ვიმეორებ, 400-მდე ეკლესია აღდგა საქართველოში,”- აღნიშნა მან.

Back to top button