ახალი ამბები

ვაშაძე: მოსკოვს თბილისთან მოლაპარაკებების დაწყება სურს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცახდა 16 ოქტომბერს, რომ მოდის ”სიგნალები” იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს  საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება სურს, თუმცა ეს შეუძლებელია არსებულ პირობებში, როდესაც მოსკოვს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.

”სიგნალები მოდის, რომ მზად არიან [რუსეთის ხელისუფლება]  ჩვენთან სალაპარაკოდ იმისათვის, რომ მეორე დღეს გაიქცნენ ბრიუსელში ან ვაშინგტონში და მოახსენონ მარტივი რამ: ”ჩვენ ქართველებთან უკვე გვაქვს პირდაპირი დიალოგი და ჩვენთვის ეს პრობლემა მოხსნილია,” – განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას.

მისი თქმით, რუსეთის ტაქტიკაა ქვეყნისთვის აგვისტოს ომის შემდეგ წარმოშობილი ”ახალი რეალობის” თავზე მოხვევა და ”საქართველოს დანარჩენ 80%-თან მოლაპარაკებების სუფთა ფურცლიდან დაწყება”.

”საქართველოს არც ერთი მთავრობა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მნიშვნელობა არა აქვს, არასოდეს არავითარ დიალოგს არ დაიწყებს რუსეთთან, სანამ არ მოხდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია,” – განაცხადა ვაშაძემ.

”პირდაპირი დიალოგი დაიწყოს იმან, ვისაც სამშობლოს ღალატი აქვს გადაწყვეტილი,” – განაცხადა მან დასძინა, რომ ”იმწუთასვე გადავდები მე ამ პოსტიდან” თუ ვინმე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button