skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთი რუსეთის სატელეფონო კოდს გამოიყენებს

აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა 16 ოქტომბერს, რომ რეგიონი 15 ნოემბრიდან რუსეთის +7 საერთაშორისო სატელეფონო კოდზე გადავა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.

აფხაზეთის ლიდერის პრესსპიკერის კრისტიან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთი რუსეთის როგორც ფიქსირებულ (840), ასევე ფიჭური კავშირგაბმულობის (940) სატელეფონო კოდებით ისარგებლებს.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კოდი, რომელიც ამჟამად გამოიყენება აფხაზეთში, 2010 წლის 1 იანვრამდე დარჩება ძალაში, რუსულ კოდთან ერთად.

რუსეთმა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, სოხუმთან კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს 2009 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, 30 სექტემბერს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება სატელეფონო კოდის აფხაზეთისთვის მიცემის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

”ქართული მხარე მიმართავს გაეროს შესაბამის სტრუქტურებს, რათა აღიკვეთოს რუსული მხარის ზემოხსენებული უკანონო ქმედებები,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ სექტემბერში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button