ახალი ამბები

ოპოზიცია სამომავლო ტაქტიკას განიხილავს

ძირითადი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები 14 ოქტომბერს შეიკრიბნენ, რათა შეხედულებები გაეცვალათ და სამომავლო ტაქტიკის შესახებ თავიანთი ხედვა დაეფიქსირებინათ. 

შეხვედრის შემდეგ, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე ძირითადად ორი განსხვავებული პოზიცია გამოვლინდა. პარტიების ერთი ჯგუფი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ემხრობოდა, ხოლო მეორე ამის წინააღმდეგ გამოდიოდა.

”ძირითადად ორი გზა დაფიქსირდა – ერთი უფრო რადიკალური, რომელიც ქუჩის აქციებს გულისხმობს და მეორე ითვალისწინებს არჩევნების გზით წასვლას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,” – განაცხადა დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ შეხვედრაზე დამსწრე ბევრ ოპოზიციურ პარტიას ”საერთოდ არანაირი პოზიცია არ გააჩნდა”.

შეხვედრას არ დასწრებია ლეიბორისტული პარტია. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა: ”მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ამ პარტიების მიმართ, ლეიბორისტულ პარტიას ცოტა რამ აქვს საერთო მათთან”.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იბრძოლოს, ნაცვლად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისა. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებაც ბურჯანაძის პოზიციის ანალოგიური იყო.

”ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მაისში [ადგილობრივ არჩევნებში] და მოვიგოთ დედაქალაქი,” – განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

”თუ ჩვენ დედაქალაქში გავიმარჯვებთ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ცვლილება შესაძლებელია და რომ ქვეყანაში ტრანზიცია იწყება,” – განაცხადა ალასანიამ. მისი ეს განცხადება ტელეკომპანია ”მაესტრომ” გააშუქა, რომელიც ერთადერთი ტელეკომპანია იყო, რომელსაც ორგანიზატორებმა შეხვედრის გადაღების საშუალება მისცეს.

ალასანია თბილისის მერის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ალიანსმა საქართველოსთვის ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაასახელა. პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მერის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართოს. თუმცა, ოფიციალური თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ასევე დაუჭირა მხარი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.

გუბაზ სანიკიძემ უთხრა მონაწილეებს, რომ მის პარტიას სურს იცოდეს, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას არჩევნებში იმ შემთხვევაშიც კი, თუ საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდება.

”ჩვენ გვჭირდება პასუხი ამ კითხვაზე. სოზარ სუბარი ამბობდა გუშინ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა არსებული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი და ამის მოტივად ოპოზიციის მიერ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისში არჩევნების მოგება დაასახელა,” – განაცხადა სანიკიძემ.

”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება [არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით]; ჩვენ მოვედით და ეს თქვენც შემოგთავაზეთ… ერთმანეთისთვის რიტორიკული და ჰიპოთეტური კითხვების დასმის ნაცვლად, უმჯობესია კონკრეტული გეგმა დაიდოს; ჩვენ ჩვენი დავდეთ,” – განაცხადა ალასანიამ ამის საპასუხოდ.

მოგვიანებით, შეხვედრის შემდეგ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ეროვნულ ფორუმს გააჩნია გეგმა, იგივე, რომელსაც, მისი თქმით, პარტია მაისის ბოლოს, ქუჩის საპროტესტო აქციების დროს ახმოვანებდა, თუმცა ეს გეგმა სხვა პარტიებმა არ გაიზიარეს. მისი თქმით, ეს გეგმა ითვალისწინებს მხარდამჭერთა მობილიზებას რეგიონებში ინტენსიური კამპანიის გზით და საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის ნიადაგის მომზადებას.

”სააკაშვილთან მოლაპარაკება უნაყოფოდ და დროის ფლანგვად მიმაჩნია, რადგანაც შეუძლებელია ვაიძულოთ ის კომპრომისზე წავიდეს დიალოგის გზით,” – განაცხადა სანიკიძემ.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც შეხვედრას არ დასწრებია, რადგანაც ის საქართველოში არ იმყოფება, განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ მას არ მიაჩნია, რომ ეს ორი პოზიცია ტაქტიკასთან დაკავშირებით ერთმანეთან შეუთავსებელია. მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს ალასანიას ამბიციებს მერობასთან  დაკავშირებით და ამავე დროს, გვერდზე დაუდგება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც უფრო რადიკალური ნაბიჯების, მათ შორის ქუჩის საპროტესტო აქციების მომხრე არიან.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button